მუსიკოსი გიგა კვენეტაძე 2008 წელს მოსკოვში სამუშაოდ წავიდა და მუსიკალურ სტუდიაში ქართულ ჯგუფს შეუერთდა, სადაც სხვა ქართველებთან ერთად, დათო ხუჯაძეც საქმიანობს. გიგა წერს სიმღერებს, მუშაობს რუს მომღერლებთან და უკმაყოფილო არ არის მისი ბოლო წლების საქმიანობით. მაგრამ ორი დღის წინ მის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე მოხდა, ის მამა გახდა და ამის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით თავად აცნობა საზოგადოებას.
მოგვიანებით გიგას დავუკავშირდით.
- გილოცავ პატარას. ვინ არის შენი შვილის დედა?
- ჩემი შვილის დედა მარიანა კარამოვა გახლავთ, ჩემი ცხოვრების სიცოცხლე და სიყვარული. მე და მარიმ ერთმანეთი მოსკოვში გავიცანით, რადგანაც საერთო სამეგობრო წრე გვაქვს.
- ოფიციალურად ხართ დაქორწინებულები?
- მარი ჩემი მეუღლე და შვილის დედაა, - ფურცელს არ ვანიჭებთ უპირატესობას. აი, რაც შეეხება ჯვრისწერას, სულ მალე ვგეგმავთ.
- პატარას სახელი უკვე შეურჩიეთ?
- პატარას სახელი ჯერ არ აქვს, თუმცა დღეს აუცილებლად გადავწყვეტთ, რა დავარქვათ.
- შენ გგავს ბავშვი?
- დიახ, მამას ჰგავს ძალიან (იცინის). მოკლედ, მე და მარი უკვე 2 წელია, ერთად ვართ.
- ვინ არის პროფესიით? მუსიკოსია?
- მუსიკოსი არ არის, ექიმია, მაგრამ ძალიან კარგი სმენა აქვს.
- რაც იცნობ, იმ ხნის მანძილზე, საქართველოში თუ ჩამოგიყვანია?
- საქართველოში ერთად არ ვყოფილვართ, თუმცა 15 წლამდე მარი საქართველოში იზრდებოდა. მოკლედ, მოსკოვში შევხვდით, გავიცანით ერთმანეთი, შეგვიყვარდა და ახლა უკვე შვილიც შეგვეძინა. ბედნიერი ვარ.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE