სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 დაწესებულებასთან, ე.წ. მატროსოვის ციხესთან თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაბადების დღეს მეგობრები აქციით აღნიშნავენ.
ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე იმყოფებიან გიგი უგულავას მეგობრები,შვილები, პარლამენტისა და საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ყოფილი გამგებლები და სხვა პირები. აქციაზე მათ მიიტანეს ბანერები, რომელზეც გაკეთებულია წარწერა "ეს გიგის მერობის დროს გაკეთდა". ბანერებზე ასახული ფოტოები გიგი უგულავას მერობის დროს დედაქალაქში მშენებლობებს და სხვა საქმიანობებს ასახავს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სურთ გიგი უგულავას დაბადების დღე ასე მიულოცონ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, გიგი უგულავას მიერ დაწყებული საქმეები დღესაც გრძელდება. ამის მაგალითად მან დაასახელა ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელიც ახლახან გაიმართა. სევდია უგრეხელიძის თქმით, ეს უგულავას ინიციატივით მოხდა და მისი მერობის პერიოდში დედაქალაქში 150 მილიონიანი ინვესტიცია შემოვიდა.
პარლამენტის წევრმა სერგო რატიანმა კი ყოფილი მერის პატიმრობას წარმატებაზე შურისძიება უწოდა.
გიგი უგულავას მეგობრები აცხადებენ, რომ უგულავა ციხეში კონსტიტუციის დარღვევით იმყოფება. მათივე თქმით, უგულავა უკანონო პატიმარია, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სასჯელის გარეშე პირი 9 თვეზე მეტ ხანს ციხეში არ უნდა იმყოფებოდეს. მათივე თქმით, აქციის მიზანია, შეახსენონ საზოგადოებას რა გაკეთდა გიგი უგულავას მერობის დროს.
ე.წ. მატროსოვის ციხესთან აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი შეძახილები.