რა ხდება ბათუმში შუფუტინსკის "მარჯანჯას" მოლოდინში - მსმენელი ბილეთებში 30-დან 130 ლარამდე იხდის

რა ხდება ბათუმში შუფუტინსკის "მარჯანჯას" მოლოდინში  - მსმენელი ბილეთებში 30-დან 130 ლარამდე იხდის

ბათუმის კორტებზე ხვალ რუსული შანსონის შემსრულებელს მიხეილ შუფუტინსკის მოუსმენენ. ბათუმის კორტებზე დაგეგმილი კონცერტი ფასიანია და ბილეთები 30, 50, 90 და 130 ლარი ღირს. როგორც კონცერტის ორგანიზატორი, კომპანიის Music promotion-ის წარმომადგენელი ნინო დავითაია "ამბები.გე"-სთან საუბარში აცხადებს, მიხაილ შუფუტინსკი ბათუმს ბენდთან ერთად ეწვევა. მისივე განმარტებით, კონცერტის ბილეთების გაყიდვის მხრივ "კარგი მდგომარეობაა".

ვინ აპირებს კონცერტზე დასწრებას და რა მოლოდინები აქვთ ბათუმში მყოფ ტურისტებს ღონისძიებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ AMBEBI.GE ბათუმის ქუჩებში ტურისტებსა და ადგილობრივებს გაესაუბრა:

დავითი 38 წლის:

მიხეილ შუფუტინსკის დიდი ხანია ვუსმენ. ძალიან კარგი მომღერალი და კაცური კაცია. მიხვდები, რომ გულიდან ამოსულ სიტყვებს ამბობს. ყველა სიმღერა მომწონს, არავითარი მონტაჟი, ხმის გასწორებები და დამხმარეები მას არ ჭირდება. ჩემი ფინანსების გათვალისწინებით, 50 ლარიანი ბილეთი ავიღე და მეგობართან ერთად მივიდივარ კონცერტზე, არასდროს მომისმენია მისთვის ცოცხლად და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს.

ლიზი 18 წლის და სალომე 19 წლის:

კონცერტებს ვესწრებით, მაგრამ როცა რეკლამა ვნახეთ და შუფუტინსკის სიმღერები "იუთუბიზე" მოვძებნეთ, მივხვდით, რომ ეს ჩვენთვის არ იყო. საერთოდ რატომ ჩამოყავთ, მაგასაც ვერ ვხვდებით, ვის აინტერესებს რუსული ესტრადა?

იხილეთ ვიდეო| უსმენენ თუ არა შუფუტინსკის თბილისში და რას ფიქრობენ ბათუმში დაგეგმილ მის კონცერტზე?

მინდია 26 წლის:

არ ვიცი ვინ არის შუფუტინსკი, მაგრამ როგორც ახლა გავიგე, "მარჯანჯას" მღერის. ამის მოსმენა ქორწილებშიც მეყოფა, არც ბილეთის ყიდვას ვაპირებ და უფასოც რომ იყოს, არ დავესწრები.

თემური 48 წლის:

მგზავრებს მოწონთ რითმული მუსიკა და ხშირად ვრთავ შუფუტინსკის დისკს, მაგრამ კონცერტზე წასვლას ვერ მოვახერხებ, ხვალ სმენაში ვარ. კონცერტები ტურისტებისთვისაა, ადგილობრივები ვშრომობთ, რომ თავი ვირჩინოთ.

გოგიტა 31 წლის:

მე პირადად, არ ვაპირებ ბილეთის ყიდვას, მაგრამ თუ ვინმე მაჩუქებს, სიამოვნებით დავესწრები. სააკაშვილს იგლესიასები ჩამოყავდა, ამ მთავრობას შუფუტინსკები მოსწონს, არც იმათი მესმოდა და არც ამათი მესმის. ამბობენ მთავარია, ვინმე ჩამოიყვანონ და ტურისტებს აჩვენონ - სანახაობა ყველას მოწონს.

მიხეილ შუფუტინსკის კონცერტი ბათუმის კორტებზე ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება. რუსული შანსონის შემსრულებლის კონცერტი საქართველოში პირველად ტარდება.

ნინო ხოზრევანიძე

ბათუმი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია