"ცხრა მიზეზი იმისთვის, რომ საქართველოს ახლა ეწვიოთ"- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "სიენენი".
"ევროპის შემოგარენში მდებარე, პოსტსაბჭოთა ქვეყანა საქართველო საიდუმლოებით მოცული სახელმწიფოა. ჩრდილოეთით კავკასიის მთებს, დასავლეთით შავ ზღვას, სამხრეთით უდაბნოებს შორის მოქცეული ეს პატარა ქვეყანა, რომელიც რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება, არამხოლოდ კულტურების გზაჯვარედინს წარმოადგენს, არამედ მდიდარია ულამაზესი პეიზაჟებით", - ასე ახასიათებს სტატიის ავტორი საქართველოს. სტატიაში ჩამოთვლილია ცხრა მიზეზი, რის გამოც უცხოელმა საქართველო უნდა მოინახულოს:
1. თბილისი. სტატიაში აღწერილია აივნები ძველ თბილისში, სპარსული სტილის აბანოები, უნიკალური ახალი სტილის შენობები, ეკლექტური არქიტექტურა და ეთნიკური მრავალფეროვნება. ავტორი თბილისის ისტორიასაც მიმოიხილავს და ქალაქის როლზე საუბრობს. "ქალაქის ძველ უბანში ქართული და სომხური ტაძრები, მეჩეთები, სინაგოგები და ზოროასტრული ტაძრის ნანგრევებიც კი შეგხვდებათ. თბილისის მულტიკულტურული ატმოსფერო შემოდგომაზე სრულად იქნება წარმოდგენილი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც 25 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაიმართება", - წერს ავტორი.
2. უშგული. ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი. სტატიის ავტორის თქმით, უშგულში შუასაუკუნეების დროს აშენებულ კოშკებს შეხვდებით, "უნიკალური კულტურის მქონე დასახლება დანარჩენ ქვეყანას მოწყვეტილია. უშგული და ზემო სვანეთის რეგიონი იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული", - წერს ავტორი.
3. ღვინის დაბადების ადგილი. "როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ღვინის წარმოშობის ადგილზე, ვიხსენებთ საფრანგეთს, იტალიას, საბერძნეთს ან სპარსეთს, თუმცა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძველი ღვინის რეგიონს საქართველო წარმოადგენს. 2003 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამხილები, რომლის მიხედვითაც, ქვის ხანაში, 8 000 წლის წინ ადამიანები აქ ღვინოს აწარმოებდნენ. მას შემდეგ, ღვინო საქართველოს ეროვნული იდენტობის კუთხით მთავარ როლს თამაშობს", - წერია "სიენენის" სტატიაში. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ასობით ყურძნის ჯიში არსებობს და ქართული ღვინო მსოფლიო დონეზე აღიარებას ნელ-ნელა პოულობს.
4. მისტიკური გამოქვაბულის ქალაქები. სტატიის ავტორის თქმით, საქართველო ევროპაში ყველაზე უჩვეული გამოქვაბულების ქალაქების სამშობლოა. ის ახსენებს უფლისციხეს, დავით გარეჯს და ვარძიას, რომელიც ერთ დროს 2 000 ბერს იფარებდა.