ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესი, - ამის შესახებ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პასუხი კითხვაზე არიან თუ არა ის და ძაძამია დამნაშავეები, არის – არა.
"ჩვენ ვართ მსხვერპლი იმ გარემოებისა, რაც იმ დღეს იყო. ჩვენ ვართ ადამიანები და ადამიანის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი", – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა მიხეილ ძაძამიამაც.
"ჩვენ ვართ ზურაბ ჟვანიას ერთგულები და ვიყავით ყოველთვის. ჩვენ ვართ მართლები ზურაბ ჟვანიას წინაშეც და ღმერთის წინაშეც", - განაცხადა მიხეილ ძაძამიამ.
ძაძამიასა და ხარშილაძის მიმართ ვერდიქტის მისაღებად ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ უკვე გავიდნენ. გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.