კალაძის მამასა და სამტრედიის გამგებელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა? - ადგილობრივები კონფლიქტზე და მხარეთა კომენტარები

კალაძის მამასა და სამტრედიის გამგებელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა? - ადგილობრივები კონფლიქტზე და მხარეთა კომენტარები

ენერგეტიკის მინიტრის კახა კახალძის მამასა და სამტრედიის გამგებელს, ვალერი ფოცხვერიას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს რამდენიმე წყარომ მიაწოდა ინფორმაცია. მათი თქმით, ამის მიზეზი სამტრედიის ფეხბურთის გუნდი "სამტრედია" გახდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხით ფინანსდება.

სამტრედიის ბიუჯეტი სოციალური სფეროსთვის მიზერულ თანხებს გამოჰყოფს, ფეხბურთის გუნდი "სამტრედია" კი დაახლოებით 2 მილიონზე მეტი თანხით ფინანსდება და საკრებულოს სხდომაზე მათი დაფინანსება არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. მაგალითისთვის, მწვრთნელის ხელფასიც საკმარისია, რომელიც 7 ათას ლარს აღემატება, ხოლო ფეხბურთელების ხელფასი ათასიდან ორიათას ლარამდე მერყეობს.

რამდენიმე ადგილობრივის თქმით, კარლო კალაძე სამტრედიის გამგებლისგან ფეხბურთის დაფინანსებას კიდევ ნახევარი მილიონი ლარით ითხოვდა, რასაც სამტრედიის გამგებელი ვალერი ფოცხვერია შეეწინააღმდეგა და მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსიპირებაც მოხდა. სანდო წყაროს ცნობით, კარლო კალაძე ფოცხვერიას, ხელითაც შეეხო, რის გამოც, ვალერი ფოცხვერია სამსახურში რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოცხადებულა.

მას შემდეგ, რაც ამის შესახებ AMBEBI.GE-ს რედაქციას რამდენიმე ადგილობრივმა აცნობა, ინფორმაციის გადასამოწმებლად ორივე მხარეს დავუკავშირდით. როგორც კარლო კალაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, სამტრედიის გამგებელთან მას არანაირი შეხება არ აქვს.

"ვინ მოიგონა ეს ჭორები, როდის იყო კარლო კალაძე ჩხუბობდა ან რა საქმე მაქვს გამგებელთან? არაფერი საქმე არ მაქვს ფეხბურთთან, ჟურნალისტების გადამკიდე ამ სფეროში ვერ ვმუშაობ. გამგებელს თავისი საქმე აქვს, მე ჩემი", - განაცხადა კარლო კალაძემ.

რაც შეეხება სამტრედიის გამგებელს, კარლო კალაძესთან დაპირისპირება ვალერი ფოცხვერიამაც უარყო.

"ჩემსა და კარლო კალაძეს შორის არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. არ ვიცი, რა ჭორებს ავრცელებს ეს ხალხი. სამტრედიის გუნდია და ფეხბურთი მოსახლეობის ინტერესია. ხომ იცით ფეხბურთი მსოფლიოში როგორ უყვართ და არც სამტრედიაა გამონაკლისი. სამტრედიის გუნდი ადრეც და ახლაც ბიუჯეტიდან ფინანსდება", - გვითხრა ვალერი ფოცხვერიამ.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE