ბოლო რამდენიმე წლის ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდები პროფესიის არჩევის დროს უპირატესობას ძირითადად ერთი და იმავე მიმართულებას ანიჭებენ. სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული და სოციალური მეცნიერებები დომინირებს.
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში ინჟინრების, გეოლოგების, სეისმოლოგების, ბოტანიკოსებისა და სხვა მსგავსი პროფესიების ადამიანების დეფიციტის წინაშე არ აღმოჩნდეს ქვეყანა? რა გახდა იმის მიზეზი, რომ მსგავსი პროფესიები ახალგაზრდებში პოპულარული აღარ არის? ამის შესახებ bpn ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორსა და ექსპერტს განათლების საკითხებში, გიორგი გახელაძეს ესაუბრა.
"ამ პროფესიების ნაკლები პოპულარობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: პირველი - სტუდენტის და მისი ოჯახის დამოკიდებულება ამ პროფესიის პერსპექტიულობის მიმართ. მეორე არის სოციალური პრესტიჟი, ანუ როგორია ამ საზოგადოებაში სოციალური სტატუსი ამა თუ იმ პროფესიის მქონე ადამიანისა და მესამე, ამ პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო დანახარჯების გაწევა შემიძლია თუ არა. თუმცა, ყველაზე მეტად სტუდენტები მაინც პერსპექტიულობის მიხედვით ირჩევენ პროფესიას, კერძოდ, თუ რამდენად იოლად შეუძლია ახალგაზრდას ამა თუ იმ პროფესიით მუშაობის დაწყება და მაღალი ანაზღაურების მიღება", - აღნიშნა გახელაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროფესიები მივიწყებულია, ვინაიდან ქვეყანაში შესაბამისი შრომის ბაზარი განვითარებული არ არის. "მოთხოვნა ბაზარზე მსგავს პროფესიებზე მაშინ არის დიდი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა მუშაობს. სახელმწიფომ ამ ფაკულტეტებზე სტუდენტები გრანტირების სისტემით შესაძლოა წაახალისოს, მაგრამ ყველაზე კარგს, რასაც სახელმწიფო გააკეთებს, ეს არის შექმნას კარგი ბიზნესგარემო, რომ ეკონომიკა იყოს მზარდი, ამ პროფესიებს შემდეგ ადამიანები თავისთავად აირჩევენ", - აღნიშნა გიორგი გახელაძემ.