საჩხერის რაიონის სოფელ პერევში მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. ადგილობრივების მტკიცებით, საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები უმწეო ოჯახებისათვის სოციალური შემწეობის მოხსნა ბოლო ორი წელია, მასობრივად დაიწყო. 30-მდე ოჯახი სოციალური შემწეობის აღდგენას თვეებია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
"მშიერები ვიხოცებით. საზღვრისპირა სოფელში ვცხოვრობთ, ისედაც შიშსა და ტერორში ვართ, ამათ კიდევ სოციალური შემწეობა მოგვიხსნეს. ჩვენი სოციალური სამსახურის უფროსი, ალბათ, მომივარდება და გამლანძღავს, რატომ თქვი, რომ ყურადღებას არ გაქცევთო, მაგრამ აღარ მეშინია, უკვე ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ ადამიანების საქციელი", - აცხადებს შორენა იობაშვილი
საჩხერის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ოთარ ომიაძის თქმით, სოციალური შემწეობის აღდგენა ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.