ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინული და რუსული ინტერნეტგამოცემები სააკაშვილის წინააღმდეგ დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებენ. როგორც რუსულ, ისევე უკრაინულ ინტერნეტპორტალებზე, მათ შორის "ოდესის საინფორმაციო ცენტრზე", თითქმის ერთდროულად გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით Гайдар обвинила Саакашвили в изнасиловании.
ყველა პორტალზე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია იდენტური ტექსტით გამოქვეყნა, ნათქვამია, რომ მარია გაიდარი საქართველოს ექს-პრეზიდენტს და ამჟამად ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშულებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ გაიდარმა უკრაინის პრეზიდენტს ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის თაობაზე მიმართა. ამის შესახებ პოროშენკოს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ავრცელებს ცნობებს. მისი თქმით, გაიდარი თავად ჩავიდა კიევში და გაუპატიურების თაობაზე მიმართა პრეზიდენტს. ამჟამად მიმდინარეობს მისი განცხადების გადამოწმება. ამასთან, მედიაში ირწმუნებიან, რომ პოროშენკო აღშფოთებულია სააკაშვილის გუბერნატორის პოსტზე მუშაობის შედეგებით.
აღსანიშნავია, რომ საიტები, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებენ, წყაროდ BBC-ს ასახელებენ, თუმცა BBC-ს არც ინგლისურენოვან და არც რუსულენოვან გამოცემებში სტატიის დედანი არ იძებნება.