ჩვენი ეროვნული ვალუტა, ყველასთვის მოულოდნელად, ტურისტული სეზონის პიკზე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. თუ ერთი წლის წინ 1 დოლარს 1,72-1,75 ლარად შეიძენდით, დღეს სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2,31-2,33 ლარი ღირს. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება კი 2, 3058 ლარია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა და ახალი წლიდან მოყოლებული, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველ თვეში ექსპორტის მაჩვენებელიც იმატებს.
ლარის კურსი, სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა ხელში ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა. ხელისუფლება ლარის გაუფასურებას ძირითადად ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელობას აბრალებს, "ნაციონალები" კი მმართველი გუნდის "უსუსურობაზე" საუბრობენ და დაჟინებით იმეორებენ, რომ შემოდგომაზე ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემა. რა ელის ჩვენს ეროვნულ ვალუტას და რატომ უკავშირებენ მის გაუფასურებას დამდეგ შემოდგომას? - ამ შეკითხვით ქართველ ეკონომისტებსა და ექსპერტებს მივმართეთ.
პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ვალუტის გაუფასურების მოლოდინის შექმნა სახიფათოა:
"არც ერთ ქვეყანაში არ არის კურსის რყევა ისე საგანგაშო, როგორც იქ, სადაც ეკონომიკა დოლარიზებულია. თუ მოსახლეობას დავაჯერებთ, რომ რამდენიმე თვეში ლარი მართლა გაუფასურდება, ამუშავდება ე.წ. ბრბოს ეფექტი - როცა ყველა ცდილობს, სავალუტო ჯიხურს მიაშუროს და თავისი მცირე დანაზოგი ან ხელფასი "გადაარჩინოს". ამის გამო ბაზარზე იქმნება ფულის ჭარბი რაოდენობა და იწყება პროცესი, რომელსაც "სპეკულაციურ ეფექტს" ვუწოდებთ - მოსახლეობა მასობრივად ყიდულობს დოლარს და ეროვნული ვალუტის კურსი უფრო მეტად ეცემა. ამიტომ ლარის კურსი პროფესიონალების მსჯელობის საგანი უნდა იყოს და არა პოლიტიკოსებისა. როცა ოპოზიცია უკვე ზაფხულში იწყებს ლაპარაკს, რომ სექტემბერში ლარი გაუფასურდება, ეს დიდი შეცდომაა. ვინც ხელფასს აიღებს, ყველა რომ წავიდეს და დოლარი შეიძინოს, ასიათასობით ადამიანი ასე რომ მოიქცეს, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!
რატომ უკავშირდება ლარის გაუფასურება მაინცდამაინც შემოდგომას? - თუ წარსულს გადავხედავთ, კურსის ყველაზე რადიკალური ცვლილებები ჩვენთან შემოდგომით ხდებოდა: ასე იყო 1999 წელს, 2008 წლის ნოემბერშიც, ასე მოხდა შარშანაც. შემოდგომით ეკონომიკური აქტივობა იზრდება და ფულზე მოთხოვნა იმატებს, ამიტომ კურსის რყევა ხშირად შემოდგომას ემთხვეოდა. თუმცა ლარის გაუფასურებას ჩვენ რომელიმე ბანკს ვერ დავაბრალებთ. მართალია, თუკი რამდენიმე ბანკი გაერთიანდება, შეძლებს კურსზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი ნაბიჯი, რომელიც ხანგრძლივ შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბანკს არ შეუძლია, გაცვლითი კურსის კრიზისი წარმოშვას. ამ პრობლემის განხილვისას უფრო ობიექტურ ფაქტორებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, როგორიცაა: ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, ინვესტიციები, ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები, მათი გამოყენების დონე და სხვ. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მას შეუძლია საერთოდ გაყინოს ლარის კურსი, მაგრამ ამ დროს ეკონომიკა ჩერდება მთლიანად. ამიტომ უნდა ამოვარჩიოთ, რომელი ჯობს: 1) ლარი მდორედ და არა ნახტომისებური ნაბიჯით უფასურდებოდეს, მაგრამ სამაგიეროდ სტიმული მიეცეს ეკონომიკის განვითარებას და 2) გავაჩეროთ ეკონომიკა, ვუყუროთ, რომ ლარი სტაბილურია და გვიხაროდეს...