ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობიდან თითქმის ხუთი თვე გავიდა, თუმცა გამოძიებამ ჯერჯერობით ვერც ქილერი იპოვა და არც მკვლელობის ოფიციალურ მოტივს ასახელებს. სამაგიეროდ, გარდაცვლილი ბიზნესმენის პირველი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შესაძლოა, ქილერმა მათი ლიკვიდაციაც სცადოს. ბესო ხარძიანის ვაჟის თქმით, მამის მკვლელობის შემდეგ ქილერმა მისი მოკვლაც სცადა.
მიხეილ ხარძიანი: - საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც მე, დედაჩემი და ჩემი და ახლობლის სანახავად სახლიდან მანქანით გამოვედით. ბუნებრივია, მაშინ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იფიქრებდა, რომ ახლოს კილერი იქნებოდა ჩასაფრებული... ცოტა ხანში კეკელიძის #38-თან უნომრო მოპედი შევნიშნე, რომელსაც შავებში ჩაცმული მამაკაცი მართავდა. უცნობი, რომელსაც შალის აკეცილი ქუდი ეფარა, დიდხანს მაკვირდებოდა, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ შევნიშნე, მოპედი სწრაფად დაძრა და ჩემი სახლისკენ მიმავალ აღმართს აუყვა. მოპედის მძღოლი თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა, ამიტომ შეუმჩნევლად უკან ავედევნე.
იქვე, ნინო ჟვანიას #8-სთან გაჩერდა, არადა, ამ მისამართზე არავინ ცხოვრობს, იქ მხოლოდ ორი მშენებარე კორპუსი დგას. ცოტა ხანში მძღოლმა მოპედიდან შავი პარკი მოხსნა და ჩემი სახლისკენ ფეხით გაემართა. სწორედ ამ დროს უკნიდან მანქანით მივუახლოვდი. როგორც კი შემამჩნია, შეცბა, სწრაფად შემოტრიალდა და აჩქარებული ნაბიჯებით ჩემკენ დაიძრა. როგორც გითხარით, ავტომობილში დედა და ჩემი დაც ისხდნენ, ამიტომ მაშინვე ერთმა აზრმა გამიელვა, ჩემი ოჯახის წევრებს არაფერი დაშავებოდათ. მანქანა ნელი სვლით უკან დავძარი. საბედნიეროდ, ამ დროს ორმა ტაქსიმ ჩაიარა, რამაც მოპედის მძღოლი დააფრთხო. როგორც ჩანს, მკვლელობის მოწმეები არ სჭირდებოდა, ამიტომ ტაქსის გამოჩენისთანავე უკან სწრაფადვე გაბრუნდა, მოპედი დაქოქა და ადგილიდან ელვის სისწრაფით მოწყდა. დიდი ალბათობით, მოპედის მძღოლი კილერი იყო, რომელსაც ჩემი მოკვლა ჰქონდა დავალებული.
- სამართალდამცავებთან დაკავშირება არ გიცდიათ?
- მაშინვე დავრეკე, თუმცა როგორც მოგვიანებით მითხრეს, სანამ ოპერატორმა საპატრულო ეკიპაჟს გამოძახების მისამართი გადასცა, მოპედიანი უცნობი მიიმალა. როგორც ჩანს, კილერი კეკელიძის #38-თან ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიის შესასწავლად მივიდა და ჩემს მარშრუტსაც აკვირდებოდა, თუმცა ვერ გათვალა, რომ მეც შევნიშნავდი. ჩემს სახლთან კილერისთვის იდეალური გარემოა: ირგვლივ უამრავი ხე და ბუჩქია, საიდანაც სროლა შეუმჩნევლად შეიძლება. სხვათა შორის, სანამ მამაჩემს მოკლავდნენ, კილერი მისი სახლის ტერიტორიას ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა. კამერებმაც დააფიქსირეს, რომ უცხო პირი ბესოს სახლთან ხშირად მიდიოდა და ტერიტორიას გულდასმით ათვალიერებდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უბანში გამოჩენილი უცნობი ბესო ხარძიანის მოსაკლავად დაქირავებული კილერი იყო. მეტიც, თურმე მკვლელობამდე სამი დღით ადრე მამაჩემის მანქანას გვერდიდან მიუახლოვდა, ბესოს კი უთქვამს, რა გინდა, რატომ მეჯახები, ჩემი წერა გინდა გახდეო?
- ფიქრობთ, რომ თქვენც ბესო ხარძიანის მკვლელი გითვალთვალებდათ?
- ვერაფერს ვამტკიცებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იმ დღეს მართლაც მამაჩემის მკვლელს შევხვდი.
- ამ ფაქტით პროკურატურა არ დაინტერესებულა?
- პროკურატურაში სარჩელი ინციდენტიდან რამდენიმე ხანში შევიტანე. კეკელიძისა და ჟვანიას ქუჩაზე უამრავი კამერაა დამონტაჟებული, ამიტომ
გამოძიებას მოპედის გადაადგილების მარშრუტის დადგენა არ უნდა გასჭირვებოდა. როგორც მითხრეს, ვიდეომასალა უწყებამ ამოიღო, თუმცა მოპედის მძღოლის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა... საქმეს ინტენსიურად იძიებენ.