საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და ზუგდიდში დაბრუნდეს.
როგორც ზვიად სიჭინავამ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ფეხბურთში.
"დავრჩები თუ არა ფეხბურთში? არ ვიცი. თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე. ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, იგი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მხარს დაუჭერს ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო 250 მილიონ ლარს ანდობს.
"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქართულ ფეხბურთში 250 მილიონი ლარის ჩადება იგეგმება! მე არა ვარ ქართული ფეხბურთის მტერი და მხარს დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო ამხელა თანხას ანდობს. რეალური პროექტია თუ არა? ამის გადამოწმება მარტივია: სექტემბერში პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შევა და როცა წავიკითხავ, რომ 2016 წელს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონია განსაზღვრული, ორივე ხელით დავუჭერ მხარს სახელმწიფოს ფავორიტ კანდიდატს. ბიუჯეტში 250 მილიონის ამბავს რომ წავიკითხავ და მეტყვიან, სახელმწიფო ამ თანხას პეტრე პეტრიაშვილს ანდობსო, მაშინვე პეტრე პეტრიაშვილის დროშას დავიჭერ! მე ვერაფერი გავაკეთე? მხარს ვუჭერ კაცს, რომელიც 250 მილიონს მოიტანს ქართულ ფეხბურთში! როცა ეს ყველაფერი დაზუსტებით იქნება გადაწყვეტილი, პრეზიდენტობის სხვა მსურველებს ვურჩევ, კაცობა გამოიჩინონ და კანდიდატურა მოხსნან. სახელმწიფო მე ნამდვილად არ მანდობს 250 მილიონს", - განაცხადა სიჭინავამ.
მისი თქმით, სუპერთასის შემდეგ "უეფა-სთან ანგარიშის გაასწორებს, აგვისტოს ბოლოსთვის კი აღმასკომს მოვიწვევს და არჩევნები დაინიშნება".