გერმანულმა გაზეთმა Bild-მა გამოაქვეყნა 1987 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც რუსეთის მომავალ პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და საბჭოთა კავშირის მეგობრობის ნიშნად. ფოტო ”შტაზის” არქივებში აღმოაჩინეს. 1987 წელს პუტინი გედეერ-ში, დრეზდენის ტერიტორიულ დაზვერვაში მსახურობდა.
”ჩვენ გამუდმებით ვაწყდებით ახალ და ახალ საქაღალდეებს და საბუთებს. ძალიან ბევრი ფურცელი გვაქვს, რომელიც შესწავლას საჭიროებს. ერთ-ერთ ასეთ საქაღალდეში აღმოვაჩინეთ ეს ფოტოც”, - განაცხადა დრეზდენის არქივის ხელმძღვანელმა კონრად ფელბერმა.
ფერად ფოტოზე აღბეჭდილია პუტინი, რომელიც იღებს ჯილდოს ღია ფერის კოსტუმში ჩაცმული მამაკაცისგან, უკანა ხედზე გაშლილი სუფრა ჩანს, რომელსაც ხალხი უზის. გაზეთი ამტკიცებს, რომ საუბარი მიდის გედეერის და საბჭოთა კავშირის მეგობრობის სიმბოლოზე - ორი ქვეყნის დროშა გვირგვინის ფონზე. გამოცემის ინფორმაციით, პუტინს ჯილდოს დრეზდენის საზოგადოების განყოფილების მდივანი კურტ კრანკე გადასცემს. კრანკესთან და პუტინთან ერთად ფოტოზეა დრეზდენის ”შტაზის” ხელმძღვანელი ჰიორსტ ბოემი. ფოტო სავარაუდოდ, გადაღებულია ე.წ. ”იარაღის საძმოს” საღამოზე, უშიშროების სამინისტროს დრეზდენის ფილიალში.