მტვერი, ნაგავი, სიცხე - რას აკეთებს თბილისის მერია თბილისელების გაუსაძლისი ყოველდღიურობის შესამსუბუქებლად

მტვერი, ნაგავი, სიცხე - რას აკეთებს თბილისის მერია თბილისელების გაუსაძლისი ყოველდღიურობის შესამსუბუქებლად

გაუსაძლისი სიცხის გამო მოსახლეობას დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილება უჭირს. უნალექო ამინდის და მცხუნვარე მზის გამო ქუჩებში ტემპერატურა ერთი-ორად იმატებს. მოსახლეობის თქმით, თბილისის ქუჩები წყლით ხშირად არ ირეცხება და ქალაქი მტვრისგან და სიცხისგან უფრო იხუთება. ამ შინაარსის რამდენიმე ზარი "პალიტრა TV/Radio"-ს ყოველდღიური დღის შოუს, "შუადღის ამბების" ეთერშიც დაფიქსირდა.

თემასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ თბილისის მერიას მიმართა. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილემ, დავით დოლიძემ განაცხადა, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები წყლით ყოველ დილას ირეცხება.

"სამწუხაროდ, ქუჩების ჩამონათვალი შეზღუდულია, მაგრამ თბილისის ათივე რაიონში ყველა ცენტრალური ქუჩა ყოველ დღე ირწყვება. ქუჩები დილით ირეცხება. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვაა და გვიწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დილას 5-6 საათზე, როცა ქუჩები ირეცხება, ბევრს არ ღვიძავს და ვერ ხედავენ, თუმცა ვისაც ღვიძავს ნახულობს, რომ ქუჩები წყლით მართლა ირეცხება.

ქუჩების რეცხვა უფრო გვიან რომ დავიწყოთ, მოსახლეოება იმაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ საცობს ვქმნით. თან ქალაქის დასუფთავება უნდათ, თან საცობი არ უნდათ, ეს კი ცოტა რთულია, ამიტომ კომპრომისი გამოვნახეთ, რომ ღამის მტვრის მერე ქალაქი დილას მოირეცხოს.

შუადღისასაც რთულია, მაგალითად ჭავჭავაძეზე როცა ხალხი გაჩრებაზე დგას ან ტროტუარზე მოძრაობს, ამის გაკეთება ძნელია. იქ ჩვენმა მანქანამ რომ ჩაიროს, აქეთ გამოედავებიან, რაღა ახლა მოგინდათ საქმის გაკეთებაო", - ამბობს დავით დოლიძე.

მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედანის, ჭავჭავაძისა და პეკინის ქუჩების მორეცხვა კვირაში სამჯერ საღამოს საათებშიც.

"ქუჩები წინა წლებშიც ირეცხებოდა, ახლა უბრალოდ რამდენიმე ქუჩა დაემატა. ჩვენთვისაც სასურველია, რომ ყველა ქუჩა ირწყვებოდეს, მაგრამ ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბევრი გვწერს, წყალი ხომ უფასოდ გაქვთ და ქუჩები მორწყეთო, მაგრამ ასე არაა, ყოველთვიურად წყალზე დიდი გადასახადია", - ამბობს დოლიძე.

მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა ნაგვის გატანის დროს მანქანიდან და ურნიდან გაჟონილი სითხეა, რომელიც სიცხეში უფრო აბინძურებს ქალაქს და ამასთან ერთად საშინელი სუნი დგება.

"სამწუხაროდ ეს მართლა ასეა, ტექნიკის უმეტესობა, რაც წინა ხელისუფლებისგან დაგვხვდა, მწყობრიდან გამოსულია, დაძველებულია. ახლა ტენდერია გამოცხადებული და უახლოეს მომავალში დედაქალაქს ახალი მანქანები მოემსახურებიან", - ამბობს დავით დოლიძე.

მათ კი, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს და ზაფხულის ცხელ დღებს დედაქალაქში ატარებს, მერიის კეთილმოწყობის სამსახურისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით AMBEBI.GE იმ ცენტრალური პარკების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც ხელოვნური შადრევნებია დაყენებული და ცხელ დღეებში გაგრილება შეგეძლებათ.

9 აპრილის ქვედა და ზედა ბაღი, ორბელიანის ბაღი, პუშკინის სკვერი, ვერის ბაღი, 300 არაგველის ბაღი, შარტავას ქუჩის #16 მიმდებარედ არსებული სკვერი, მრგვალი ბაღი, აღმაშენებელზე მდებარე სკვერები, ვილნიუსის ბაღი, ვაკის პარკი, მზიური, მაიაკოვსკის ძეგლთან არსებული ბაღი, ბუკიას ბაღი, ყაზბეგისა და ჭავჭავაძის გამზირებზე არსებულ ბაღები, გულუას მოედანი, აბანოთუბანში "ხოხობი", ფილარმონიის წინ არსებული შადრევანი, რიყის პარკის ტერიტორია, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღი, ხეთაგუროვის სახ. ბაღი, ევროპის მოედნისა და ღვინის აღმართის კუთხესთან არსებული სკვერი.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

სტატიაში გამოყენებულია ნეტგაზეთის ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია