ბოლო ორი დღის განმავლობაში ყვარლის რაიონულ საავადმყოფოს ინტოქსიკაციის ნიშნებით 139-მა პაციენტმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. როგორც ick.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა ზურაბ გაურაშვილმა განუცხადა, სტაციონარში ამ დროისთვის მხოლოდ 4 ადამიანი რჩება, რომლებიც სამედიცინო ცენტრში დღეს დილით მოათავსეს.
"დღეს დილის მდგომარეობით მოწამლული პაციენტების მომართვიანობამ შედარებით იკლო. სპეციალისტებმა მოკვლევის შედეგად ინტოქსიკაციის მიზეზად ნოროვირუსი დაადგინეს, რომელიც ძირითადად ჰიგიენური წესების დაუცველობის, დაბინძურებული საკვებისა და წყლის შედეგად ვრცელდება", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის საავადმყოფოს დირექტორმა.
ყვარელში მასობრივი ინტოკსიკაციის შესახებ 4 აგვისტოს გახდა ცნობილი, მაშინ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში 30 ადამიანი იყო მოთავსებული, რომლებსაც საერთო ჩივილები აღენიშნებოდათ - ღებინება, სისუსტე, თავბრუსხვევა. პაციენტთა უმრავლესობა 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვია. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობა სასმელი წყლით მოიწამლა.
გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განცხადა, რომ მოქალაქეების დაინფიცირება, სავარაუდოდ ნოროვირუსულ აფეთქებას ჰგავს. აღნიშნული ინფექცია შესაძლოა წყლის საშუალებითაც გავრცელდეს, თუმცა დაავადებას ძირითადად იწვევს დაუბანელი ხელები ან ფეკალიებით დაბინძურებული საკვები.
"ჩვენ 7 მასალა წამოვიღეთ და ერთ შემთხვევაში არის დადასტურებული, რომ ეს არის ინფექცია - ნოროვირუსი. დაავადებულების სიმპტომები არის დაავადებისათვის ტიპური. თუმცა, ანალიზების კვლევა კვლავ გრძელდება და თუ არის კიდევ რაიმე ტიპის ბაქტერია, ამის დადგენას ორი დღე დასჭირდება. არ არის გამორიცხული ამ ინფექციის გავრცელება წყლის გზითაც მოხდეს. თუმცა ნოროვირუსი ფეკალურ-ორალური გადამდები ინფექციაა, რომელიც დაუბანელი ხელებით ან ფეკალიებით დაბინძურებული საკვებით ვრცელდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სოფლებში, სადაც არ არის ცენტრალიზებული წყალმომარაგება და კანალიზაცია, წამოადუღონ წყალი და ამის შემდეგ წყალი გახდება უსაფრთხო", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებულ მოსახლეობას შორის არა მხოლოდ ყვარლის, არამედ მიმდებარე სოფლების მოსახლეობაცაა. რაც შეეხება მკურნალობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ნოროვირუსი სერიოზულ დაავადებას არ იწვევს და სითხის შევსებასა და გადასხმებს საჭიროებს.
გუშინ, მოწამვლის ნიშნებით 6 პაციენტი ყვარლიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას მხოლოდ ერთი მათგანი აგრძელებს.
მომზადებულია ick.ge-სა და "ინტერპრესნიუსის" მასალებზე დაყრდნობით