ის ფართო მაყურებელმა ტელესერიალით "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. ალეკო ბეგალიშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია, აღნიშნულ სერიალში კი დუდუ გახლავთ. არადა, სცენაზე არაერთი როლი აქვს განსახიერებული, მაგრამ ჩვენში ასე ხდება ხოლმე, მსახიობებს მასობრივად მაყურებელი სერიალით იცნობს... იმის გამო, რომ ალეკო ბეგალიშვილი ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა, საკმაოდ ბევრი ინტერვიუც ჩამოართვეს, რაზეც ხუმრობით ამბობს, - ამას არ ვარ მიჩვეული და ამდენს ვერ "გავქაჩავო". რამდენჯერმე, ამა თუ იმ გამოცემისთვის მეც ვესაუბრე, მაგრამ ის თემა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რატომღაც ყველა ჯერზე "გვერდით" დაგვრჩა. საკითხი ალეკოს მამას, პოპულარულ მსახიობს, ბადრი ბეგალიშვილს ეხება, რომელიც ქართული კინოსა და თეატრის დამსახურებული და სახალხო არტისტი იყო (ორი წლის წინ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა).
ალეკო ბეგალიშვილი:
- მესამე წელი დაიწყო, რაც მამაჩემი აღარ არის. მთელი ცხოვრება თავის საყვარელ საქმეს ემსახურებოდა. სცენაზე უამრავი როლი განასახიერა. კინოში მთავრი როლებით დიდად არ იყო განებივრებული, მაგრამ ქართულ კინოს მის მიერ დასამახსოვრებელი სახეები ნამდვილად შემორჩა... ბადრი ბეგალიშვილი
- გავიხსენოთ მისი როლები...
- ჭიპილია "ჩარი რამაში", ჩიკოტელა "ჩირიკი და ჩიკოტელაში" (ეს ფილმი "ღვინის ქურდებთან" ერთად გამოვიდა და მახსოვს, პრემიერაზეც გახლდით. მაშინ პატარა ვიყავი. ერთადერთი ფილმია, სადაც მამა მთავარ როლშია. "თეთრ ბაირაღებში" მოშიაშვილია; მონაწილეობდა "წკიპურტებში", "ერთი ნახვით შეყვარებაში", "ქალაქი ანარაში", "კაცია-ადამიანში?!" მოურავი და კიდევ იყო რაღაცები, მაგრამ მუსკომედიის თეატრის სცენაზე იმდენი როლი აქვს ნათამაშევი, ვერც ჩამოვთვლი. ზოგიერთი არც მაქვს ნანახი, რადგანაც როცა მათ განასახიერებდა, ძალიან პატარა ვიყავი. როგორც ამბობენ, ვისაც ეს ახსოვს, სპექატკლი "ჩემ მშვენიერი ლედი" მისი შემოქმედების პიკი იყო... სამწუხაროა, რომ ამ წარმოდგენის ჩანაწერი არ არსებობს. თავიდან ზუგდიდის თეატრიში დაიწყო მოღვაწეობა. ძალიან ახალგაზრდა იყო მაშინ და დედაჩემიც იქ გაიცნო...
- დედაც მსახიობია?
- კი, დედა ფატი ბელქანია ზუგდიდის თეატრში მუშაობდა. მერე თბილისში რომ ჩამოვიდნენ, დაქორწინდნენ კიდეც. დედა სამუშაოდ აქ თოჯინების თეატრში მივიდა და იქაურობას შემორჩა, დღესაც იქ არის. წლები ბავშვების აღზრდასა და თოჯინებს შეალია...
- მამას რომ დავუბრუნდეთ, რა გავლენა მოახდინა მან პირადად თქვენზე?
- ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, მაგრამ ჩემი ძმებისგან განსხვავებით, მე მსახიობობის სურვილი არ გამჩენია. კი მყავდა მსახიობი მშობლები, მაგრამ ბავშვობაში არ მიფიქრია იმაზე, რომ მეც ამ გზას გავყოლოდი.
- რატომ?
- არ მიტაცებდა, "სხვაგან" ვიყავი, მუსიკა "მევასებოდა", გიტარა და ამბავი... თუმცა მამას რომ ვუყურებდი სცენასა და ფილმებში, მომწონდა, მეამაყებოდა. ხომ ვამბობ, ჩემს ძმებს უფრო ჰქონდა მსახიობობის სურვილი...
- ბოლოს მაინც ეს პროფესია აირჩიეთ...
- გიტარით რომ დავდიოდი, სკოლას ვაცდენდი, საშემოდგომოები მქონდა, გავაგიჟე მშობლები და არ იცოდნენ, ჩემთვის რა მოეხერხებინათ. ვეუბნებოდი, რომ არ მინდა, თქენი მსახიობობა-მეთქი. მოკლედ, სკოლას რომ ვამთავრებდი, "თეატრალურში" იმ წელს მუსკომედიის ფაკულტეტი გაიხსნა, ორი ადგილი იყო, ერთი გოგო უნდა მიეღოთ, ერთი - ბიჭი. მამას მეგობარი იყო თემო აბაშიძე, რომელიც ამ ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა და თან, მუსკომედიის თეატრის რეჟისორი გახლდათ. მაგარი პედაგოგი იყო და კარგი კაცი. ჰოდა, მამამ უთხრა, იქნებ მიიღო, წინ და უკან დაყიალობს გიტარით, სმენა კი აქვს და მღერისო. მოკლედ, მივედი გამოცდაზე გიტარით და ვიმღერე და მოვხვდი ინსტიტუტში. ბატონმა თემომ ძალიან შემაყვარა საქმე, რასაც მასწავლიდა. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, სწავლამ ჩამითრია, ვაკეთებდით ეტიუდებს, მასაც მოვწონდი, ამბობდა, არ არის "ეს დებილი ბოვშიო". იყო სახასიათო როლებიც და მერე "დავტორმუზდი", რადგანაც ავარიაში მოვყევი...
- რა მოხდა?
- 1989 წელს ჯარში წავედი, რომ დავბრუნდი, მეორე კურსზე დამსვეს და მაგ პერიოდში მე და ჩემი ორი მეგობარი ავარიაში მოვყევით. ერთ-ერთი დაიღუპა, დიდი ტრაგედია მოხდა. მერე სამი წელი დეპრესიული ვიყავი, რადგანაც ახლო მეგობარი დავკარგე, მდგომარეობიდან გამოსვლა მიჭირდა. მაგრამ წლები რომ გავიდა, მივხვდი, რომ გლოვას აზრი არ ჰქონდა, უარესი იყო... მოკლედ, ამის გამო დიდი პაუზა მქონდა... მერე მინიატიურების თეატრში მოვხვდი, სამხატვრო ხელმძღვანელი მაშინ მამუკა კიკალეიშვილი იყო... განაგრძეთ კითხვა