"ტელევიზიას ჯადოსნური თვისება აქვს - შეიძლება, პოპულარული ერთ დღეში გახდე", - ამბობს მსახიობი და რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ 19 წელი ახმეტელის თეატრის სცენზე იდგა, შემდეგ არაერთ ფილმში გადაიღეს და დღეს სპექტაკლებს დგამს, პოპულარობა დუდუს ცოლის როლმა მოუტანა, სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები". რის გამო საყვედურობენ, როდის კარგავს წონასწორობას, რას აკეთებს, როცა დაძაბული პერიოდი აქვს და რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი.
- ჩემზე ამბობენ...
- ..."ფეთქებადი" ხასიათი აქვსო, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს შვილი, ოჯახი. წელს ჩემი შვილი თეატრალურ უნივერსიტეტში აბარებს. მსახიობობა დიდ პროფესიონალიზმსა და მსხვერპლს მოითხოვს. არტისტს არ გაქვს უფლება, ფორმაში არ იყო; მუდმივად კარს უნდა უნგრევდე ვიღაცას, "მოთხოვნადი" რომ იყო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...საქმისადმი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...სიზარმაცეა. ძალიან მიჭირს ახალი საქმის დაწყება. მგონი, ეს სიზარმაცეზე მეტად, შიშია, მაგრამ ინოვაციები მხიბლავს.
- ჩემთვის მიუღებელია...
- ...ღალატი. მიუღებელია ის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არის. სადაც კანონი არ კანონობს, ქაოსი იწყება.
- ჩემი პირველი წარმატება...
- 7-8 წლის ვიქნებოდი, პირველად ლენინზე დაწერილი ლექსი რომ წავიკითხე და მერე საკუთარი თავი ტელევიზორში ვნახე. სკოლაში ძალიან პოპულარული ბავშვი ვიყავი. მერე ჩემზე ზღაპარი დაიწერა. ჰო, ზღაპრის გმირი ვიყავი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...შემოქმედებითად დავიხარჯო.
- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...ბევრ რამეს. მაგალითად, სულ დაბღვერილი ვარ და მეტ ხალისს შევიტანდი.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...როცა მატყუებენ, იმ ვიღაცის ნაცვლად მრცხვენია. კარგი სმენა მაქვს და ადამიანებს კარგად ვიცნობ. ასე რომ, ჩემი მოტყუება ცოტა არ იყოს, ძნელია.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მერიდება, თან - ეს სასიხარულოც არის. იმის ნიშანია, რომ შენი შრომა ფასდება. დღეს თქვენ რომ ინტერვიუსთვის მობრძანდით, ესეც დაფასებაა.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ვპატიობ, მაგრამ მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ვაპატიე და შეცდომა აღარ უნდა დაუშვას! ყოველთვის მამახსოვრდება, ვის რას ვპატიობ.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვიმეორებ, რადგან ადამიანი ვარ.
- ბოლოს ვიტირე...
- ...სიხარულისგან. საერთოდ, ბოლო დროს იშვიათად ვტირი.
- წონასწორობას ვკარგავ, როცა...
- ...შვილს ვეჩხუბები. ამ დროს საკუთარ თავს ვერ ვმართავ. ის ახლა 18 წლისაა და ყველაფერს აპროტესტებს.
- სიყვარული... განაგრძეთ კითხვა