ზურას მკვლელობა მერაბიშვილის გადმოცემული სცენარი იყო, თუმცა შემსრულებლები ვინ იყვნენ, არ ვიცოდი, - ამის შესახებ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ზურაბ ჟვანიას დედამ, რემა ჟვანიამ განაცხადა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის დედა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ პროკურორებმა დაკითხეს. ადვოკატებმა კი, როგორც თავად აღნიშნეს, ასაკიდან და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, კითხვებისგან თავი შეიკავეს.
როგორც რემა ჟვანიამ განაცხადა, თავიდანვე იცოდა, რომ მისი შვილი მოკლული იყო, ხარშილაძე და ძაძამია კი, იტყუებიან. ამასთან, რემა ჟვანიამ განაცხადა, რომ მისი შვილი სიკვდილის წინ მასთან სახლში იმყოფებოდა და ღამის 12 საათზე დაურეკეს. მისი თქმით, არ ელაპარაკებოდა მეგობარს, საუბრობდა ოფიციალური ტონით და, როგორც იცის, მას დაურეკა ზურაბ ადეიშვილმა.
"ხარშილაძე ზურას მოკლე სიცოცხლის ბოლომდე მასთან იყო და მასთან მეგობრობდა, ძაძამიამ კი ერთხელ მანქანა გადააბრუნა და, აქედან გამომდინარე, გაუშვეს დაცვიდან. შემდეგ ძაძამიას გაუჩნდა გარდაცვლილი შვილი და ჩემთან მოვიდა და მთხოვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დამშვიდდებოდა, თუკი ზურასთან დაბრუნდებოდა დაცვაში. მე ვთხოვე ზურას და დააბრუნა იგი. მშვიდად ვიყავი, რადგან ზურას სიცოცხლის ფასად იცავდნენ", - განაცხადა რემა ჟვანიამ.
მისი თქმით, როდესაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, იმედი ჰქონდა, რომ მთავრობაში მყოფი მისი მეგობარი გია ბარამიძე ზურას სიკვდილის მიზეზებს დაადგენდა. რემა ჟვანია აცხადებს, რომ გია ბარამიძე მასთან ხშირად მიდიოდა და ეკითხებოდა, როგორ მიდიოდა გამოძიება, ბარამიძე კი ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
"მე მას ვკითხე, რომ სჯეროდა თუ არა იმ სიბინძურის, რომელსაც ამბობდნენ. მან მითხრა, დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ შეკითხვაზე კი მითხრა, რას ბრძანებთ, მე მასე არ ვფიქრობო", - განაცხადა რემა ჟვანიამ.
შემდეგ კი, როგორც რემა ჟვანია ამბობს, აგვისტოს ომის შემდეგ ნახა გია ბარამიძე ბოლოს და უთხრა, რომ მან გადაუხვია იმ გზას, რომელზეც ზურა იდგა. ამის შემდეგ კი, როგორც რემა ჟვანია ამბობს, გია ბარამიძე აღარ უნახავს. მისივე თქმით, ნახულობდა ხათუნა გოგორიშვილსაც, რომელმაც ერთ-ერთი საუბრისას უთხრა, რომ "ნეტავ დადგეს ის დრო, როდესაც სიმართლეს გაიგებდნენ".
"2 თებერვალს ზურა იყო ჩემთან. ჩაი გავუკეთე, მითხრა, რომ შვიდის მერე არაფერს არ ჭამდა და სვამდა, იყო დიეტაზე. შემდეგ ვიღაცამ დაურეკა, არ ესაუბრებოდა როგორც მეგობარს, ესაუბრებოდა ოფიციალური ტონით, მგონი ადეიშვილი იყო და უთხრა, მოვდივარო", - განაცხადა რემა ჟვანიამ.
პროკურორების დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია ვანო მერაბიშვილთან არ მეგობრობდა და ჰქონდა ჩვეულებრივი ურთიერთობა. ამასთან, გარდაცვლილი პრემიერის დედა აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია იმ ღამეს იმ ბინაში არ იმყოფებოდა და გარდაცვალების შემდეგ მიიყვანეს.
"ზურა რომ იმ სახლში ყოფილიყო, ფანჯარას გამოაღებდა. ეს მისი ცხოვრების წესი იყო, ფანჯარა სულ ღია ჰქონდა, ამბობდა, რომ სუფთა ჰაერი სასარგებლოა ყველასთვის. არ მჯერა ექსპერტის ნათქვამის, რომელმაც თქვა, რომ ზურას ნაწლავში მოხარშული ძეხვი აღმოუჩინეს, რადგან ზურა იყო დიეტაზე და მოხარშული ძეხვის ჭამას გვიკრძალავდა ყველას, ამბობდა, რომ ეს არ არის სასარგებლო. ე.ი. რეჟისორმა არ იცოდა ზურას თვისებები, ზურა აუცილებლად გააღებდა ფანჯარას. დავრწმუნდი, რომ ეს არის ბინძური სპექტაკლი. ძაძამია და ხარშილაძე კი ყველაფერს იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ მივიდნენ 4 საათზე იმ ბინაში, სადაც გაიგონეს გამათბობლის ხმა. თუმცა 3-ის ნახევარზე ამ უბანში გაზი იყო გადაკეტილი. ხარშილაძეს კი როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რატომ მიატოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პრემიერ-მინისტრი, მან საუბარი გადაიტანა არ არსებულ ინტიმურ ურთიერთობებზე. ზურა რომ მოკლეს ეს თავიდანვე ვიცოდი. ამერიკელების დასკვნაში წერია, რომ მურის ნატამალიც არ არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამათბობელი ან საერთოდ არ ჩართულა, ან ძალიან კარგად მუშაობდა", - განაცხადა რეამ ჟვანიამ.
მისივე თქმით, ამერიკელების დასკვნაში ასევე საუბარია, რომ მომწამვლელი ნივთიერების შემცველობა ზურასა და უსუპოვის შემთხვევაში, ორგანიზმში არსებობდა 74 და 72 %, რეალურად კი სიკვდილს იწვევს 50%.
"არსებობს სხვა ნივთიერებაც, რომელიც ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ისეთივე შედეგს იწვევს, როგორც CO-თი მოწამვლა", - განაცხადა რეამ ჟვანიამ.
როდესაც პროკურორებმა შეკითხვები ამოწურეს, მოსამართლემ დაცვის მხარეს სთხოვა შეკითხვების დასმა, რაზეც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ რემა ჟვანიას ასაკიდან და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე დაცვის მხარე შეკითხვებს არ დასვამს. თუმცა, ბექა ბასილაიას სურდა განცხადების გაკეთება, რაც პროკურორებმა გააპროტესტეს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ როდესაც გარდაცვლილი პრემიერის დედას გამომძიებელი ეუბნება, რომ ზურაბ ჟვანაიას ტელეფონზე განხორციელდა ადეიშვილის ზარი, რეალურად ეს იყო უსუპოვის ზარი.
როგორც ცნობილია, დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, რაულ უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვიც დაიკითხება.