ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ახლგაზრდა ადგილზე დაიღუპა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მძღოლი კი საავადმყოფოში გარადაიცვალა. როგორც შემთხვევის თვითმხილველები აცხადებენ, "პიკაპის" ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა.
ქედის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის, ქირურგ ფრიდონ სირაბიძის თქმით: "მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს. აღენიშნებოდა პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხვადასხვა ორგანოების დაზიანება, ტრავმული შოკი. დაწყებული იყო რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტს მუცლის ღრუს, გულმკერდისა და მენჯის მიდამოების ტრავმები ჰქონდა. გამოძახებული იყო რეანიმაციული ბრიგადა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ მოხერხდა."
მომხდარმა ტრაგედიამ მთელი აჭარა შეძრა, - შუახევის პატარა სოფელ კლდისუბნიდან, სადაც მხოლოდ 6 ოჯახი ცხოვრობს, სამი ადამიანი ავტოკატასტროფამ შეიწირა, - მათგან ომარ დავითაძე - 48 წლის იყო, მისი ვაჟი - შოთა მხოლოდ 15-ის, გოჩა დავითაძე კი - 21-ის. სოფელში ამბობენ, რომ ბიჭები არა მხოლოდ ოჯახების, თითქმის დაცარიელებული სოფლის იმედიც იყვნენ. უბედურების დღეს ომარ დავითაძე გარიჟრაჟზე ადგა და ბეშუმისაკენ გაემართა, სადაც ომარის ვაჟი 15 წლის შოთა და ბიძაშვილის შვილი გოჩა ისვენებდნენ. იქიდან ბიჭებთან ერთად, ბათუმისკენ წავიდა, ტრაგედიაც სწორედ ამ გზაზე დატრიალდა.
გიორგი დავითაძე, შაუახევის მუნიციპალიტეტრის რწმუნებული სოფელ კლდისუბანში:
- საშინელება მოხდა, ლაპარაკი ძალიან მიჭირს, მეც ხომ დავითაძე ვარ და აქ დავითაძეები ყველა ერთმანეთის ბიძაშვილები ვართ... ჩავთვალოთ, რომ კლდისუბნის ექვსი ოჯახი დავითაძეებიდან ორი სრულიად განადგურებულია. ომარს სამი შვილი ჰყავდა, 2 ვაჟი და გოგონა, უფროს ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შოთა იყო ოჯახის იმედი, ბიჭი ვერცხლიწყალივით მოძრავი და აქტიური იყო. ფეხბურთი ისე უყვარდა, შუაღამისას რომ გაგეღვიძებინა და გეთქვა, დილამდე შეუსვენებლად ითამაშეო, სიხარულით გაიქცეოდა სათამაშოდ... გოჩა დავითაძე კი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში. ბიჭს მხოლოდ ერთი და ჰყავს.