გარდატეხის ასაკში ხდება ორგანიზმის მომწიფება, ჩამოყალიბება, რიგ შემთხვევებში ჩნდება პრობლემები, ზოგი სწორედ ამ დროს იწყებს სქესობრივ კონტაქტს, რასაც საკმაოდ ხშირად არასასიამოვნო შედეგები ახლავს თან. რა უნდა იცოდეს მოზარდმა, რამდენად უნდა იყოს მშობელი ჩართული შვილის სქესობრივ განათლებაში, რა ზიანი მოაქვს ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას, - ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, გინეკოლოგ შორენა გოგოხიასთან.
- ამბობენ, რომ დღეს თინეიჯერები საკმაოდ ადრე იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე? ზოგადად, სქესობრივი კონტაქტის დაწყება რა ასაკშია რეკომენდებული?
- სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთვის ნორმალურ ასაკად დაახლოებით 18-20 წელია დადგენილი. მანამდე ადამიანი არც ფიზიოლოგიურად არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, არც ფსიქიკურად. მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ საკითხს, სქესობივი ცხოვრების დაწყება შეუძლიათ, ცოტა უფრო გვიანაც და ადრეც, ამის შესახებ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.
სამწუხაროდ, ბევრი თინეიჯერი იწყებს ნაადრევად სქესობრივ ცხოვრებას და არ აღიარებენ ამას, გინეკოლოგთანაც კონსულტაციაზე მოდიან მხოლოდ მაშინ, თუ გაუჩნდათ ჩივილები ან არასასურველი ორსულობა. გინეკოლოგთან ვიზიტის ერიდებათ და ეშინიათ. ერიდებათ იმიტომ, რომ ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე სქესობრივად თუ ცხოვრობ, ესე იგი გათხოვილი უნდა იყო, და ეშინიათ იმიტომ, რომ არ გაკიცხოთ ექიმმა და ამ ვიზიტზე არაფერი გაიგოს დედამ.
- რა გართულებები ახლავს თან ნაადრევ სქესობრივ კავშირს?
- ნაადრევ სქესობრივ კავშირს ახლავს შემდეგი გართულებები: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ანთებითი დაავადებები რეპროდუქციულ სისტემაში; მნიშვნელოვანია, რომ მოზარდთა უმრავლესობა არ მიიჩნევს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებად და არ იცის რამდენად მაღალია ამ დაავადებების გავრცელების რისკი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტით. მოზარდთა სქესობრივ აქტიურობას თან ახლავს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ორსულობა და არასასურველი ორსულობის აბორტის გზით შეწყვეტა.
ორსულობა და მშობიარობა მოზარდებში უკავშირდება სიკვდილიანობისა და ავადობის გაცილებით მაღალ რისკს, ვიდრე 20 წელზე მეტი ასაკის ქალებში. აღსანიშნავია, რომ 18 წელზე უმცროს გოგონებში დედათა სიკვდილიანობის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე 18-25 წლის ქალებში, რაც განპირობებულია გახანგრძლივებული და გართულებული მშობიარობით, სისხლდენებით და სხვა. მკვდრადშობადობის რისკიც ორჯერ მეტია, ვიდრე 18-25 წლის ქალებში.
- რამდენად ხშირია თინეიჯერებში არასასრუველი ორსულობა და აბორტი?
- არასასურველი ორსულობების სიხშირის ზრდა მოზარდ გოგონებში ძირითადად დაკავშირებულია დაუგეგმავი სქესობრივი კონტაქტებისა და კონტრაცეფციის მეთოდების გამოუყენებლობასთან. მოზარდი გოგონების 50%-ზე მეტი არ იყენებს კონტრაცეფციის მეთოდებს. 18 წლამდე გოგონების 9.3% ფეხმძიმდება და იკეთებს აბორტს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. აღსანიშნავია, რომ 7% გოგონებისა ფეხმძიმდება სქესობრივი ურთიერთობის დაწყებიდან პირველი ერთი წლის მანძილზე, საიდანაც 80% არასასურველი ორსულობაა. აბორტები მოზარდებში დიდ რისკს წარმოადგენს სიცოცხლისთვის, აბორტის დროს სიკვდილიანობა 20 წლის ქვემოთ გოგონებისთვის უფრო მაღალია, ვიდრე 20 წლის ზემოთ.
- რა როლი უნდა ითამაშოს მშობელმა შვილის სქესობრივ განათლებაში?
- სქესობრივი აღზრდის საკითხების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდისთვის, ამიტომ ჯობს, მოზარდმა ეს განათლება მიიღოს მშობლებისაგან და არა არაფრისმომცემი სერიალებიდან ან პორნოფილმებიდან. მშობლებმაც უნდა იცოდნენ, როგორ მიაწოდონ საკუთარ შვილებს სქესობრივი აღზრდის საკითხები დელიკატურად.