პეტერბურგელი ბიზნესმენი, მილიარდერი თემურ ფსუტური საქართველოში სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელს MaxHome გახსნის, რომელშიც 280 მილიონი დოლარის ინვესტირებას მოახდენს.
რუსული მედიის ცნობით, პირველი ჰიპერმარკეტი თბილისში 2016 წელს გაიხსნება. მისი ფართობი 185 ათასი კვ. მეტრი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰიპერმარკეტის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ჰიპერმარკეტში განთავსებულ მაღაზიებში სამშენებლო მასალები და ავეჯი გაიყიდება. თემურ ფსუტური პირველ ჰიპერმარკეტში 80 მილიონ დოლარს დააბანდებს.
MaxHome-ის ჰიპერმარკეტების ქსელი ასევე გააერთიანებს 15 მაღაზიას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარეობს და თემურ ფსუტურის კუთვნილებაშია. როგორც ქართველმა მილიარდერმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, 2020 წლისთვის ის ქსელის გაფართოებას გეგმავს და MaxHome-ს სულ მცირე 5 ჰიპერმარკეტი და 100 მაღაზია შეემატება.
რუსული მედიის ცნობით, ჰიპერმარკეტის საინჟინრო უზრუნველყოფას კიდევ ერთი პეტერბურგული სამშენებლო კომპანია „ჩრდილოეთ-დასავლეთი“ მოახდენს, რომელიც ასევე თემურ ფსუტურს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ამ ზაფხულს საქართველოში გზების მშენელობაზე რამდენიმე ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულება 10 მილიონი დოლარია. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თემურ ფსუტურის კომპანია მომავალშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების კონკურსებში. პარალელურად კი პეტერბურგის გზების მშენებლობის ბაზრიდან წასვლას გეგმავს.
თუმცა, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ პეტერბურგის ბაზრის დატოვებას მთლიანად არ აპირებს.
"რუსეთში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარებისა და რუბლის გაუფასურების ფონზე, ვცდილობ შემოსავლის ალტერნატიული წყარო სხვა ქვეყნებში ვეძებო", - აღნიშნა რუსულ მედიასთან საუბრისას თემურ ფსუტურმა.
იხილეთ გაგრძელება