პირველ აგვისტოს გრიგოლეთთან შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. "მერსედესის" მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს იმდენად ძლიერად შეეჯახნენ, რომ მანქანა აფეთქდა და მგზავრები ჩაიწვნენ. არსებული ინფორმაციით, "მერსედესში" 6 ადამიანი იჯდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
"საშინელი ხმა გავიგონე, თითქოს ბომბი აფეთქდაო. ისეთი ბუღი ჩამოწვა, რომ ვერაფერს ვარჩევდი. მივხვდი, რაღაც უბედურება მოხდა. რაც დავინახე, სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება - ორივე მანქანა იწვოდა. ჰაერში ისეთი საშინელი სუნი იდგა, ვერც აღგიწერთ. ცუდად გავხდი და დროის დიდი ეპიზოდი არ მახსოვს. გავიგე, მანქანაში 6 ადამიანი დაღუპულა, მათ შორის ბავშვებიც. ზოგი ამბობს, "მერსედესი" მოსრიალდაო, ზოგიც ამბობს - სამარშრუტო ტაქსიო. არადა, მშრალი და ფართო გზა იყო. მრავლისმნახველი პოლიციელები და მაშველებიც კი შეძრწუნებულები იყვნენ", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.