"საქართველოში ზაფხული უფროდაუფრო ცხელია და მომავალშიც ასე იქნება" - ტემპერატურის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით

"საქართველოში ზაფხული უფროდაუფრო ცხელია და მომავალშიც ასე იქნება" - ტემპერატურის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით

ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრ მატებას გადაჭარბებულს არ უწოდებენ სპეციალისტები, თუმცა ამბობენ, რომ ეს წელი შეიძლება ერთ-ერთ ცხელ ზაფხულად ჩაითვალოს. მათივე თქმით, 2000 წლის შემდეგ ზაფხული უფრო და უფრო ცხელია და როგორც ვარაუდობენ, მომავალშიც ასე იქნება.

AMBEBI.GE საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსი ლია მეგრელიძე ამბობს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ზაფხული 2010 წელს იყო.

"2000 წლიდან მოყოლებული ცხელი ზაფხულები გახშირდა, თუმცა საშუალოდ, ყველაზე ცხელი ზაფხული 2010-ში იყო, ანუ მთელი აგვისტოს განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, მაგრამ ექსტრემალური ტემპერატურა არ ყოფილა, ანუ 40 გრადუსს არ გადაუჭარბებია, უბრალოდ, მთელი თვე უნალექო იყო.

ასევე ცხელი იყო 2006 წლის აგვისტოს თვეც, 2000 წელს იყო კიდევ ცხელი ზაფხული, მაისიდან დაწყებული სექტემბრამდე მთელი თვეები გვალვა იყო. ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა 2000 წელს დასავლეთ საქართველოში დაფისქირდა, ეს იყო ფოთში, 45 გრადუსი ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე დღე, ქუთაისში იყო 43, ზუგდიდში 42 გრადუსი და ა.შ. აღმოსავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ცხელი ზაფხული შარშან იყო, აგვისტოს მეორე ნახევრიდან, ლაგოდეხში იყო 43 გრადუსი. თბილისში 40 გრადუსზე მეტი არ ყოფილა", - ამბობს ლია მეგრელიძე.

მისი თქმით, ცხელ ზაფხულს ხშირად გამოუწვევია ტყეებში ცეცხლის გაჩენა, მაგრამ სერიოზული განადგურება არ ყოფილა.

"მხოლოდ ერთი მახსენდება, 2008 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე იწვებოდა, ხანძრის გაჩენის პირდაპირი მიზეზი შეიძლება მაღალი ტემპერატურა არ იყო, მაგრამ ამანაც შეუწყო ხელი. როგორც ვიცი, იქ ცეცხლი წინა დღეებშიც გაჩნდა. მაღალი ტემპერატურის კიდევ ერთი შედეგი გვალვაა. გვალვის პირველი ნიშანი ნალექების შემცირებაა. ზაფხულის პერიოდში, შეიძლება ნალექების ცვლილებას ესეთი გამოკვეთილი ხასიათი არ აქვს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში, თუნდაც კახეთში ზაფხულის განმავლობაში ნალექები მცირდება, ეს კი გადადის სასოფლო-სამეურნეო გვალვაში, ამას მოჰყვება კულტურულ ჯიშებზე ზემოქმედება, შეიძლება იმოქმედოს მდინარეების ჩამოდინებაზე და მიწისქვეშა მარაგზე და ეს მოიტანს სოციალურ-ეკონომიკურ ზარალს.

რაც შეეხება გლობალურ დათბობას, რაც დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის მატებას ნიშნავს, ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, ერთ-ერთია "სათბურის აირების" მატება, თუმცა დათბობა ზაფხულის ხარჯზე ხდება. რა თქმა უნდა, არის სხვა მიზეზებიც, მაგალითად მყინვარების დნობა, ზღვის დონის დაწევა, თუმცა პირველი ინდიკატორი ტემპერატურის მატებაა და ეს ზაფხულის ხარჯზე ხდება", - ამბობს ლია მეგრელიძე.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია