ათონის მთაზე ბევრი მონასტერია, მათ შორის ბერძნული, რუსული, ბულგარული, სერბული, რუმინული, არის სკიტი, სენაკი და კალივი (დაყუდებულ მეუდაბნოეთა სამყოფელი). ნახევარკუნძულზე მონაზვნების გარდა არავინაა და საუკუნეებია ასეა. დაახლოებით ათასი წელია, იქ ქალს ფეხი არ დაუდგამს (მდედრობითი სქესის ცხოველებსაც ეკრძალებათ იქ ასვლა).
წმინდა მთას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეორე და უმთავრეს წილხვედრს უწოდებენ. მრავალი საუკუნეა, ამ მთაზე ქალის ასვლა აკრძალულია. გადმოცემით, რომის იმპერატორ კონსტანტინე პლაკიდას ცოლმა ათონზე ასვლა გადაწყვტა. მეუღლის თანხმობის მიღების შემდეგ, პლაკიდა ათონზე ვატოპედის მონასტერში მივიდა, მაგრამ ზეციდან მრისხანე ხმა მოისმა, რომელიც უბრძანებდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანე.
ათონის მახლობელ ქალაქ ურანოპოლისის მკვიდრნი იმის შესახებ ჰყვებიან, თუ როგორ უჭრის გზას უხილავი ძალა ათონის მთისკენ მიმავალ ქალებს. მაგალითად, მიცურავს მეთევზეთა ნავი, რომელზეც ძმები დასთან ერთად არიან. ქალიშვილმა ათონის მთასთან მისვლა ითხოვა, მაგრამ როგორც კი ნავიდან გადმოვიდა, ფერდობიდან ქვებმა დაიწყო ცვენა. შეშინებულმა მენავეებმა სწრაფად გაცურეს ზღვაში. არც კოღოების თავდასხმაა გამორიცხული. ამის მხილველი არც ერთი ქალი აღარ მოისურვებს, რომ წმინდა მიწაზე ფეხი დაადგას, სადაც ათასი წლის განმავლობაში ქალთაგან მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იმყოფებოდა.
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა. თავის ორ მორჩილს უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე მიდიოდა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს, ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი.
დაახლოებით 1984 წელს ივერიის სკიტის კელიიდანაც გაქრა ბერი სერგი, ფრიად ღვთივსათნო, მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხნის განმავლობაში ღია იყო.
"ვატოპედის მონასტრის კელიიდან გაქრა აგრეთვე ბერი ნექტარიოსი, იგი ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი, - წერს ბერი ვლასი, - და კიდევ ორი ბერი - ნიკოდიმოსი ქსენოფონტის სკიტიდან და მარტინიანი კაპასალიდან; და ვერც მათ კვალს მიაგნეს სადმე".
ბერები ამ გაქრობას ათონის სხვა დიდ საიდუმლოს უკავშირებენ - ე.წ. "უხილავ მოსაგრეებს". წმიდა მთაზე ასეთი თქმულებაც არსებობს: როდესაც ვინმე იკარგება, ამბობენ: იგი "უხილავმა მოსაგრეებმა" წაიყვანესო.
ვინ არიან "უხილავი მოსაგრეები"? ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთნი ვარაუდობენ, ძველი წმინდანები არიან, რომლებიც ოდესღაც მოღვაწეობდნენ წმინდა მთაზე, ახლა კი ხალხს ეცხადებიან. მეორენი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, თითქოს ისინი თანამედროვე მოღვაწეები არიან, რომლებიც ათონის უშორეს და მიუდგომელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ, სამყაროსგან განცალკევებით, რათა განუწყვეტლად მყოფობდნენ ღმერთთან. ისინი "უხილავნი" იმიტომ გახდნენ, რომ სხვა შემთხვევაში მათი გამოქვაბულები არა მხოლოდ კეთილკრძალული მონაზვნებით გაივსებოდა, არამედ ცნობისმოყვარე უცხოელი ტურისტებითაც.
ძველი გარდმოცემა გვამცნობს, რომ XIX საუკუნის დასაწყისში უცნობ მოსაგრეებს თავისთან ღებულობდა ბერი ქრისტოფორი იანაკოპულის კალივიდან. "უხილავი მოსაგრეები" მისგან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ.
გადმოცემის თანახმად, "უხილავი მოსაგრეები" შვიდნი იყვნენ. ისინი ათონის გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლებოდა და ექვსნი რჩებოდნენ, მაშინ რაღაც საიდუმლო სახით მთიდან მოდიოდა სხვა სათნო ბერი, იკავებდა გათავისუფლებულ ადგილს და ისინი კვლავ შვიდნი ხდებოდნენ".
1835 წელს ათონის მთაზე რამდენიმე მონადირე უცნობ, მოხუც ბერს შეხვდა, რომელთანაც ისაუბრეს. მან მონადირეებს უთხრა, რომ მასთან ერთად გამოქვაბულში კიდევ ექვსი ღრმადმოხუცი ბერი ცხოვრობდა. როდესაც მონადირეებმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ მოუთხრეს, ადგილობრივმა ბერებმა საგზალი აიღეს და უცნობ მოსაგრეთა საძებნელად გაემართნენ, მაგრამ ვერავის მიაგნეს.
ერთ ლიბანელს ათონზე ასვლა სურდა, მაგრამ გზა დაებნა და ვიღაც უცნობ ბერს შეხვდა, რომელიც მას ლეღვით გაუმასპინძლდა. როდესაც ამის შესახებ წმინდა ანას სკიტში მყოფთ უამბო, ბერები უცნობი მოღვაწის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს.
კვიპროსის კიკოსის მონასტრის ბერდიაკონი ეფრემი ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნის დროს, დიონისიატის მონასტრიდან წმინდა პავლეს მონასტერში მიდიოდა და ბილიკზე უცნობ მოღვაწეს შეხვდა. ისინი შეჩერდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს. უცნობი მოსაგრე ძველი კაბით იყო შემოსილი, გრძელი წვერი კი ქამარში ჰქონდა ჩატანებული. ახალგაზრდა კვიპროსელმა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ზიარების შესახებ. ბერმა მას უპასუხა. შემდეგ თითოეული თავის გზაზე წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ეფრემი მობრუნდა, რათა კიდევ ერთხელ შეეხედა მოხუცი ბერისათვის, მაგრამ მხოლოდ ველური ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა.
ცნობილი მოღვაწე ბერი პაისი ათონელი აგრეთვე ამბობდა, რომ ათონზე არცთუ ცოტა უცნობი წმინდა ბერია, რომლებიც ხალხს თავიანთ ადგილ-სამყოფელს უმალავენ.
"ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი "უხილავი მოღვაწენი" მართლაც არსებობენ, - წერს ბერი ვლასი, - მთელი სამყარო უნდა ხარობდეს, რამეთუ მათი ლოცვით შეჩერებულია ღვთის სამართლიანი რისხვა (ჩვენი ცოდვების გამო) ადამიანთა მოდგმაზე".
ძნელია "უხილავ მოსაგრეებზე", ათონის მთის უდიდეს საიდუმლოზე რაიმე თქვა, მართლაც არიან თუ არა ისინი, ეს მხოლოდ ყოვლისმხილველმა უფალმა უწყის. სამაგიეროდ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ XX საუკუნეში წმინდა მთაზე ერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც თავისი სიწმინდით ათონელთათვის ჭეშმარიტად იყო "უხილავი მოსაგრე", მაგრამ ათონელი მამები ვერ ხედავდნენ ამას. იგი ყველას ჩვეულებრივ მშრომელ ბერად მიაჩნდა, ის კი ლოცვით იმ წმინდა მამებს მიემსგავსა და უფალს მთელი კაცობრიობისათვის ევედრებოდა. ეს წმიდა სილუან ათონელი გახლდათ.
ლალი ფაცია
(მომზადებულია "ორთოდოქსი.გე"-ს მიხედვით)