მზია ბებოშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ორი დღის წინ, საქართველოს დიდი წარმატება მოუტანეს. გოგონები ძიუდოში ოქროს მედალოსნები გახდნენ. ისინი ბავშვობიდან მეგობრობენ, გამარჯვება წლების წინ დაისახეს მიზნად და ოცნება აისრულეს კიდეც.
- მზია, ელოდით ჩემპიონობას?
- სამი კვირის წინ გავხდი ევროპის ჩემპიონი, შესაბამისად ოლიმპიადაზე გამარჯვებასაც ველოდი. გახარებული ვარ იმით, რომ შრომა დამიფასდა და მთელი საქართველოს სიხარულის მიზეზი გავხდი.
ეთო: მეც ველოდი გამარჯვებას. თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი ამისთვის. მე და მზია ბავშვობიდან ვმეგობრობთ, სულ გვაინტერესებდა, როგორ ვიასპარეზებდით საუკეთესო სპორტსმენებთან, მიზნად დავისახეთ გამარჯვება და გავიმარჯვეთ კიდეც.
- ძიუდომ დაგამეგობრათ?
მზია: კი, ეთო პატარა იყო, როცა შეკრებებზე ჩამოვიდა სვანეთიდან. თავიდანვე დავმეგობრდით. მას შემდეგ ერთად მოვდივართ. სულ სხვადასხვა წონა გვქონდა, ოლიმპიადაზე ერთად რომ მოვხვედრილიყავით და ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა. როცა გავიგეთ, რომ თბილისში ჩატარდებოდა ოლიმპიური ფესტივალი, მაშინ დავისახეთ მიზნად გამარჯვება.
- რამდენი წლის ასაკში დაგაინტერესა ძიუდომ?
- სკოლის მოსწავლე ვიყავი, 12 წლის. მანამდე ტანვარჯიშზე დავდიოდი. ერთხელ გვიანობამდე მომიხდა სკოლაში დარჩენა, სპორტულ დარბაზში ჩავედი, სადაც ძიუდოს ვარჯიში იყო, მომეწონა, ყოველდღე დავდიოდი და ვუყურებდი ძიუდოს ვარჯიშს. შემდეგ მშობლებს გავუმხილე ჩემი ინტერესი ძიუდოს მიმართ. არც იცოდნენ, ქალებსაც თუ ასწავლიდნენ ძიუდოს, მაგრამ ისეთი მოხიბლული ვიყავი ამ სპორტით, მამამ გადაწყვიტა ვარჯიში დამეწყო.
- როგორ აღნიშნეთ გამარჯვება?
მზია: კონცერტი იყო, შემდეგ კი გასართობად წავედით და ბევრი ვიცეკვეთ. ძალიან მიხარია ზურაბ ზვიადაურმა რომ დამაჯილდოვა კვარცხლბეკზე, ის ჩემი საყვარელი სპორტსმენია. ზურა დაესწრო ჩვენს შეჯიბრს, შემდეგ კი ქალაქის მერთან ერთად პირადად მოგვილოცა.
- რას აპირებთ მომავალში?
- მზია: ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე მივემგზავრები. მინდა საქართველოში გავაგრძელო ჩემი საქმე.
ეთო: ჯერ პატარები ვართ, მთელ დროს ძიუდოს ვუთმობთ. როცა გავიზრდებით, სპორტულ აკადემიაში ჩავაბარებთ.
- ალბათ, ბევრი ისტორია გადაგხდენიათ ერთად...
- კი, ერთხელ შეკრებაზე ვიყავით. მე და ეთომ ძალიან ბევრი ვივარჯიშეთ. როგორც ჩანს, დავიღალეთ და ნომერში ჩაგვეძინა. უფროსმა გოგონებმა კარის გაღება ვერ შეძლეს. ძალიან შეეშინდათ, ბოლოს მწვრთნელებმა გაგვაღვიძეს. მე და ეთო ხშირად ვკამათობთ, სვანია და როგორც იტყვის, ისე უნდა იყოს ყველაფერი. ამის მიუხედავად საუკეთესო მეგობრები ვართ.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE