გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ბელა იასეშვილი ორ მცირეწლოვან ბავშვთან და შშმპ მეუღლესთან ერთად, სანახევროდ დანგრეულ სახლში ცხოვრობს. 2012 წელს სტიქიის დროს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა მისი გაკეთება დღემდე ვერ შეძლო.
"სახურავიდან წყალი ჩამოდის. ყველაფერი ლპება. ყოველ წუთს შეიძლება ჭერი ჩამოწვეს და ბავშვები ქვეშ მოიყოლოს. სისველისგან კედელი და აივანი ინგრევა. ოთახებში ისეთი სინესტეა, ბაყაყები გაჩნდნენ. რწმუნებულთან რამდენჯერმე ვიყავი და მითხრა, სახლების შეკეთება ჩვენ არ გვეხებაო. ბინის თაობაზე ჩვენი სოფლის დეპუტატთანაც მივედი, მითხრა, ვერაფრით დაგეხმარებითო. თავი გავანებე, ეტყობა გაჭირვებული ხალხის ბედი არავის აინტერესებს. ვის მივმართო, არ ვიცი", - ამბობს ბელა იასეშვილი.
მისივე თქმით, როგორც სტიქიით დაზარალებულებს, დახმარებაც არ მიუღიათ.
"სტიქიის დროს ჭერი დაზიანდა. დახმარება რომ ვითხოვე, ყურადღება არავინ მოგვაქცია. ელემენტარულად შიფერი მაინც მოეცათ, რომ დამეფარებინა. მე თვითონ არ მაქვს საშუალება, რომ სახურავი შევაკეთო. ორი არასრულწლოვანი ბავშვი და ინვალიდი მეუღლე მყავს. ავარიაში მოჰყვა, ხერხემალი დაუზიანდა და ადგომა არ შეუძლია. დღე და ღამე იმას ვფიქრობ, ჩემს შვილებს რა ვაჭამო. ჩვენი შემოსავალი დახმარება და მეუღლის პენსიაა. ისიც თავის წამლებში და პამპერსებში არ ჰყოფნის. საჭმელს სამადლოდ მეზობლები მაწვდიან. როდემდე დამეხმარებიან, თავადაც უჭირთ. ყოფილა შემთხვევა, მშიერი დავწოლილვარ, რომ ბავშვებისთვის და მეუღლისთვის მეჭმია", - გვიყვება ბელა იასეშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბელა იასეშვილს მეზობელმა ქალმა უკბინა და საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით არის აღძრული.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ დაკბინა გოგონამ მეზობელი?