ყველაფერი თანაკურსელებთან ერთად ჰარვარდში შექმნილი სოციალური ქსელით დაიწყო. ვიწრო კომუნიკაციამ ფართო მასშტაბები შეიძინა და მარკ ცუკერბერგის მიერ დაფუძნებული "ფეისბუქი" ახლა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
მეგობრებთან ურთიერთობის, საქმიანი მიმოწერის, პირადი ცხოვრების გამომზეურების პარალელურად, აღნიშნული სოციალური ქსელიდან ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც ვიგებთ, ვსწავლობთ, ვხალისობთ, ვერთობით, სარგებელს ვნახულობთ.
Ambebi.ge გთავაზობთ 5 ქართულ ტოპ "ფეისბუქგვერდს", საიდანაც სოციალური ქსელის მომხმარებლები საინტერესო ამბებს იგებენ, სასარგებლო რჩევებს ღებულობენ ან მეტად ხალისობენ.
ქართულ "ფეისბუქგვერდებს" შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თბილისის ზოოპარკის პროფილი. სტიქიამდე იმასაც ამბობდნენ, რომ გვერდის ადმინისტრატორის აქტივობამ და ბინადრების შესახებ საოცარმა თხრობის მანერამ, ზოოპარკს დამთვალიერებელი შემატა. მკითხველები ცხოველების ყოფისა და მათი თავისებურებების შესახებ ინფორმაციას განსაკუთრებული სითბოთი და იუმორით მიწოდებული ტექსტებით იგებდნენ. ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი სპილო გრანდის ოპერაცია იყო, რომელიც "ფეისბუქ" მომხმარებლებთან ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. გვერდის ადმინისტრატორი მკითხველებს ფოტოების დართვით, დეტალურად აწვდიდა ინფორმაციას ოპერაციის მიმდინარეობისა და გრანდის სარეაბილიტაციო მდგომარეობის შესახებ.
საინტერესო, სასარგებლო და მეტად "გემრიელია" "ნიკორას" "ფეისბუქის" გვერდი. აქ წაიკითხავთ ცნობილი ადამიანების ვარსკვლავურ რეცეპტებს, ამა თუ იმ ცნობილი საკვების შექმნის ისტორიებს, მზამზარეულ რჩევებს. გვერდი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ეწევა და ამ მიზნით, სხვადასხვა ტიპის პოსტებს ანთავსებს. მკითხველები პროდუქტის სწორად შენახვას, ბურღულის ზუსტი ინსტრუქციის მიხედვით მოხარშვას ეცნობიან.
"ნიკორას" "ფეიბუქის" გვერდის მომხმარებლები სეზონების მიხედვით, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით, სასარგებლო სასმელებისა და კერძების მომზადებას, ასევე საპიკნიკე მენიუს შედგენას სწავლობენ. უყურადღებოდ არ რჩებიან ტკბილეულის მოყვარულები. მათ შოკოლადის, ტორტის, გემრიელი მუსების, ნაყინის შესახებ აწვდიან ინფორმაციას. არ ივიწყებენ პატარებსაც, უფროსებს ბავშვებისთვის მხიარული და ორიგინალური კერძების მოსამზადებლად რეცეპტებს სთავაზობენ.
გვერდი განწყობის ასამაღლებელ ფოტოებსაც აქვეყნებს, რაც მნახველების ხასიათზე დადებითად აისახება. ყველაფერთან ერთად, ეს გვერდი კონკურსებითა და შესაბამისად საჩუქრებითაც გამოირჩევა.
სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა "ნიკორას" მიერ განთავსებულ ვიდეოს, სადაც ვიდეოკონტროლის მეშვეობით ჩანს, რომ კლიენტმა თანხა დაკარგა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, კომპანია და "ფეისბუქმომხმარებლები " ერთობლივი ძალებით ეძებდნენ დაკარგული თანხის პატრონს. მონდომებას და ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია და მომხმარებელმა დაკარგული თანხა დაიბრუნა.
აქტიურია "საქართველოს ბანკის" "ფეისბუქგვერდი". ბანკი მომხმარებლისთვის სხვადასხვა მომსახურებისა და სიახლეების შეთავაზების პარალელურად, აქტივობის გაზრდას სხვადასხვა პოსტებით ცდილობს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილი სოციალური ექსპერიმენტი, როდესაც ბავშვებს ჰკითხეს, რა სურდათ ყველაზე მეტად და მათ დედასთან მეტი დროის გატარება აირჩიეს.
მრავალფეროვანია "და ქალის" "ფეისბუქის" გვერდი. მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული გვერდი აქვთ მოწონებული, სხვადასხვა საიტებზე განთავსებულ მასალებს ეცნობიან. მათი უმრავლესობა საინტერესო რჩევაა და ჯანმრთელობას, კულინარიას, თავის მოვლას უკავშირდება. პოპულარულია სხვადასხვა სახის ვარჯიშების, დიეტებისა და გასახდომი საშუალებების შესახებ მომზადებული მასალები. მკითხველები გულგრილი ვერ ტოვებენ სასიყვარულო ურთიერთობებზე დაწერილ სტატიებსაც.
ნამდვილ იუმორისტულ საკითხავს დაემსგავსა Timberland store Tbilisi-ს "ფეისბუქის" გვერდი. ადმინისტრატორის უხეშმა და არაეთიკურმა პოსტმა მომხმარებელთა გაღიზიანება გამოიწვია. პროდუქციის მაღალმა ფასებმა კი მკითხველები მეტად გაახალისა. თითოეული ფოტოს ქვეშ სახალისო კომენტარების დიდი რაოდენობა გროვდებოდა. მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ გვერდს სასაცილო კომენტარების წასაკითხად და გასამხიარულებლად სტუმრობდნენ. მოგვიანებით, Timberland store Tbilisi-მა უხეში პოსტისთვის ბოდიში მოიხადა და ყველაზე მეტი მოწონების მქონე კომენტარის ავტორი მათი პროდუქციით დაასაჩუქრა.