თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე დასკვნა წარადგინა.
ანგარიშის თანახმად, 13 ივნისის ღამეს მდინარე ვერეს აუზში წვიმის ნალექების რაოდენობა იყო 100 მილიმეტრზე მეტი, რაც მაღალია. მდინარე ვერეს ორმოცივე შენაკადი ღვარცოფულ მდინარედ იქცა, ადგილი ჰქონდა მეწყრის ჩამოწოლას, რომელიც ვერეში ღვარცოფულ მასად გადაიქცა. ბაგრატიას თქმით, მდინარე ვერეს სიგრზე 38 კილომეტრია და ასეთი სიგრძის მდინარეებისთვის მდინარის ნაპირიდან 20 მეტრში შენობა-ნაგებობების აგება აკრძალულია.
ბაგრატიას თქმით, ვერე სხვადასხვა დროს არაერთხელ ადიდდა და ამდენად იგი საკმაოდ რთული მდინარეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ვერეს ხეობაში 75 მეწყრული უბანი ფიქსირდება.
ანგარიშის წარდგენისას თამარ ბაგრატიამ ადრეული შეტყობინების სისტემის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ მხრივ არანარი გამოცდილება არ გააჩნია. უცხოელ სპეციალისტებთან ერთად რამდენიმე მდინარეზე ასეთი სისტემა განთავსდა.
ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა ვერეს აუზშიც, თუმცა ბაგრატია აცხადებს, რომ მდინარე ვერეზე არსებული შეტყობინების სისტემა ეს ის არ არის, რაც სასურველია, რომ იყოს. რეკომენდაციის სახით ბაგრატია ასევე აცხადებს, რომ უნდა აშენდეს ე.წ. ხერხეულიძის კედელი, რომელიც თუ მდინარე ვერეში ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები განვითარდა, ხე-ტყის მასას დაიჭერს, აღნიშნულის შედეგად კი, გვირაბების ჩახერგვა აღარ მოხდება.