გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, ისინი საქმის შესწავლას პროკურატურისაგან კბილაშვილის ხელმძღვანბელობის პერიოდში ითხოვდნენ, თუმცა პროკურატურამ საქმის წარმოებაზე უარი განაცხადა. ოჯახი ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს.
გარდა ამისა, ოჯახი აპროტესტებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად სერგო ძაგნიძის დანიშვნას. ვახო სანაიას თქმით, სწორედ ძაგნიძე მონაწილეობდა 2001 წელს, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში.
"ეს საქმე როგორც "გამოიძიეს'', ყველას ახსოვს. ბატონი ძაგნიძე დღემდე ამაყობს თავისი წვლილით ამ საქმეში" - წერდა რამდენიმე თვის წინ ვახო სანაია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სანაიას მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა ორი წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.
გიორგი სანაია 2001 წელს 26 ივლისს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.