ავტორბოლის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სახეობა - დრიფტი, მოცურებული, ერთი შეხედვით უკონტროლო ავტომობილის მაქსიმალურად მაღალ სიჩქარეზე მართვას გულისხმობს.
საქართველოში დრიფტის განვითარება მისი ფუძემდებლის, "დრიფტის მეფის", გიორგი თევზაძის ("თევზი") სახელს უკავშირდება. თავდაპირველად, გიორგი ქუჩის რბოლებით იყო გატაცებული. თანდათან გატაცება პროფესიად აქცია და დროის სულ მცირე მონაკვეთში მისი პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა - მისით მსოფლიოში ცნობილი კომპანიები და წამყვანი ტელევიზიები დაინტერესდნენ...
გიორგი თევზაძე 2013 წელს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და მეგობრები მის მიერ დაწყებულ საქმეს მისივე სახელით აგრძელებენ... დღეს უკვე დრიფტი ჩემპიონატის ფარგლებში მოექცა, შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების ოფიციალური წესები და თუკი ორი წლის წინ ქვეყანაში 7-8 პროფესიონალი დრიფტერი იყო, წელს უკვე მათი რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
ახლახან გიორგი თევზაძის სახელობის 2015 წლის თასის გათამაშებაში გამარჯვებულები როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს შორის გამოვლინდნენ.
- დათო, გარდა იმისა, რომ თქვენ და გიორგი მეგობრები იყავით, ერთად ცდილობდით საქართველოში დრიფტის განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას. გიორგის შესახებ საქართველოში ყველა ავტომოყვარულმა იცის. მისი ვირტუოზობით საზღვარგარეთაც დაინტერესდნენ, არა?
დათო მიქაია, შეჯიბრების ორგანიზატორი:
- მსოფლიოში ცნობილი ბლოგერი და ავტომრბოლელი, ერიკ დავიდოვიჩ ქიტუაშვილი, გიორგის საქმიანობით მისივე გადაღებული ვიდეოების ნახვის შემდეგ დაინტერესდა. გიორგის ორგანიზებით, ერიკი მეგობრებთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა და ერთად დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები. რამდენიმე დღეში თევზი ერთ-ერთმა ქართულმა ტელევიზიამ გადაცემაში მიიწვია. ჩანაწერი საქართველოში ORT-ს წარმომადგენელს უნახავს. მალე მან გიორგის საავტომობილო გადაცემის მომზადება და წაყვანა შესთავაზა. საპილოტე გადაცემაში "დრიფტის მეფემ" გერმანული და ამერიკული მარკის მანქანების ექსკლუზიური მოდელები შეადარა. ჩანაწერი რუსეთში მოეწონათ და ეთერში უკვე შემოდგომიდან უნდა გაეშვათ. ეს გიორგის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე იყო... მანამდე "როიტერმა" გააკეთა სიუჟეტი, რომელიც "ბიბისიზე" გავიდა. გიორგის გარდაცვალებიდან თვე-ნახევარში NEED FOR DRIVE-ზე (გიორგის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი. - ავტ.) "ბიბისის" პროდიუსერისგან წერილი მოვიდა.
"ტოპგეარი" ("ბიბისის" სატელევიზიო პროგრამა ავტომობილების შესახებ. - ავტ.) ქალაქის ქუჩის რბოლებთან დაკავშირებით გადაცემას ამზადებდა და გიორგის მისი ვიდეოჩანაწერების გამოყენებისთვის ლიცენზიას სთხოვდა. კადრები გავუგზავნე და გამოიყენეს. "ტოპგეარში" მოხვედრა გიორგის ოცნება იყო... თევზის ავტომოყვარულთა ფანკლუბები ბრიტანეთში, ავსტრიაში, უკრაინასა და რუსეთში არსებობს. მათ ავტომობილებს გიორგისა და მისი მანქანის ფოტოები ამშვენებს. დავიდოვიჩის ვიზიტის შემდეგ, გიორგი მოსკოვში აპირებდა წასვლას, სერიოზული გეგმები ჰქონდა, სპონსორები უკვე ელოდებოდნენ...