მომავალი მეცნიერის ბავშვობა
მეოცე საუკუნეში მოღვაწე ცნობილ გამომგონებლებს შორის რაფიელ აგლაძეს გამორჩეული ადგილი უკავია. ცნობილი ელექტროქიმიკოსი 1911 წლის 29 დეკემბერს, თბილისში დაიბადა. ის უამრავი ტიტულის, ჯილდოსა და მედლის მფლობელი გახლდათ. იზრდებოდა ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ილია აგლაძის, ოჯახში. მისი მშობლები - ილია აგლაძე და ოლღა ბეჟანიშვილი ძველი ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ. რაფიელ აგლაძე პირველ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში ჩაირიცხა - ასე უწოდებდნენ მაშინ სახელგანთქმულ პირველ გიმნაზიას, სადაც რაფიელი სწავლობდა და გამორჩეულ მოსწავლედაც ითვლებოდა.
მამის სურვილით არჩეული ცხოვრების გზა
ახალგაზრდობაში თურმე რაფიელი საკმაოდ კარგ ლექსებს და მოთხრობებს წერდა, ხშირად დადიოდა თეატრში და ლიტერატურა უზომოდ უყვარდა. ერთხელაც, რაფიელის მამას ხელში ჩავარდნია შვილის თხზულებების რვეული და პირველი გვერდის წაკითხვის შემდეგ შვილისთვის უთქვამს: საქართველოს ეყოფა უნიჭო ლიტერატორები, სჯობს სხვა საქმეშიც სცადო ბედიო. რაფიელ აგლაძემ მამის რჩევას დაუჯერა და ქიმიის შესწავლა მისი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა. ასე რომ, რაფიელ აგლაძის ცხოვრების გზა მამამ განსაზღვრა. სწორედ მამის ინიციატივით გადაიყვანეს მომავალი მეცნიერი ქიმიურ ტექნიკუმში, სადაც მას მაღალკვალიფიცირებული ინჟინერ-ტექნოლოგები, ქიმიკოსები და მეტალურგები ასწავლიდნენ. მისი ინტერესი მეცნიერების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. რაფიელ აგლაძემ 1929 წელს დაიცვა პროექტი თემაზე "ასაფეთქებელი მასალების" შესახებ და ქიმიკოს-ტექნიკოსის წოდება მიენიჭა. ეს თემა მას შემდგომშიც იტაცებდა. 1929 წელს რაფიელ აგლაძე ირიცხება საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტის სამთო-ქიმიურ ფაკულტეტის ქიმიურ-ტექნოლოგიური განყოფილების სტუდენტად. თავის სპეციალობად რაფიელმა ელექტროქიმია შეარჩია. 1935 წელს დაამთავრა ინსტიტუტი. 1938 წელს კი - მოსკოვის დ. მენდელევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა, სადაც დოცენტის თანამდებობაზე დაინიშნა.
კვლევის ობიექტი და მთავარი გამოგონებები
რაფიელ აგლაძემ თავისი კვლევის ობიექტად მანგანუმი შეარჩია, რაც ბოლომდე გააზრებული არჩევანი იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდი.