"როცა რეპეტიციაზეა, მშვიდად ვარ..."
მსახიობები არიან, პარტნიორებიც და დღეს ერთსა და იმავე სცენაზე უწევთ თამაში. ახმეტელის თეატრში, სპექტაკლში - "რომეო და ჯულიეტა" მათმა ბოლო ნამუშევარმა მაყურებლის ყურადღება ნამდვილად მიიქცია. გიორგი გასვიანს ლორენცოს როლი ერგო, თათული ედიშერაშვილს - ჯულიეტას ძიძის. მოცემულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვეს.
გიორგი გასვიანი:
- ახმეტელის თეატრში ერთი-ორი თვით ადრე მოვედი, ვიდრე თათული შემოგვიერთდებოდა ანუ როგორც იტყვიან, დავასწარი (იცინის)... ერთ მშვენიერ დღეს კი სამხატვრო ხელმძღვანელის კაბინეტში თათულიც შემოვიდა და სწორედ მაშინ გავიცანი. შემდეგ რეპეტიციებზე კარგად "შევათვალიერეთ" ერთმანეთი. მერე ისე მოხდა, რომ ყოველი რეპეტიციის შემდეგ, შესვენებაზეც ერთად გავდიოდით, ძალიან დავახლოვდით, შემიყვარდა და დავმეგობრდით. დღეს თეატრში მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია.
თათული:
- ერთხელ ვუთხარი კიდეც და ცოტა არ იყოს, უტაქტოდ გამომივიდა: როცა აქ ვერ გხედავ, სიცარიელეა-მეთქი და გიორგისგან საშინელი პასუხი მივიღე (იღიმის)... თეატრში რომ მოვედი, ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო გარემოში ყველას ჩასაფრებულივით ვამოწმებდი, ვფრთხილობდი. მინდოდა, თანამშრომლებზე ნორმალური შთაბეჭდილება მომეხდინა და ბუნებრივია, ასეთ დროს გარკვეულწილად, ყველანი ვიპრანჭებით... მერე "ჩემს ენაზე მოლაპარაკე" ადამიანი გიორგი გასვიანის სახით აღმოვაჩინე. რიგ საკითხებზე ერთნაირი შეხედულება გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ ბუნებრივია, ვკამათობთ კიდეც, მაგრამ ეს კამათი არანაირად წყენამდე არ მიდის. მიხარია, რომ გიორგი გასვიანის სახით კარგი მეგობარი შევიძინე. ჩემთვის საინტერესოა მასთან ურთიერთობა როგორც სცენაზე, ისე - სცენის მიღმა. ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა, სხვადასხვა ადგილას მოგვიხდა შეხვედრა და მივხვდი, რომ თეატრის მიღმაც კომფორტული ადამიანია.
- გიორგი ასტროლოგიით არის გატაცებული. ამ მიმართულებით გარკვეულ რჩევებს თუ გაძლევს ხოლმე?
- ასტროლოგიაში აბსოლუტურად ვერ ვერკვევი. რაღაცებს რომ მეუბნება, თავს ვუქნევ, სინამდვილეში კი ვერც ვხდები, რას ამბობს (იღიმის)...
გიორგი:
- ადამიანების პაროდიებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ თათულის გაცნობის შემდეგ მისი პაროდია ვეღარ გავაკეთე - ეს იშვიათი შემთხვევაა...
თათული:
- გიორგი პირველად ვნახე, "აწკეპილი", წვერიანი ბიჭი იყო, რაღაცნაირი ვარცხნილობით... როცა კარგად გავიცანი, მერე მივხვდი, რომ ძალიან ბავშვური და გულჩვილია, გარეგნობის მიხედვით კი მასზე სულ სხვანაირი შთაბეჭდილება გექმნება...
გიორგი:
- თათული ედიშერაშვილთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა და ამავდროულად, არის გარკვეული პრაქტიკაც. სცენაზე მისი ყურება, თუნდაც - რეპეტიციების დროს ძალიან საინტერესოა.