სოციალური ქსელების პოპულარობა და მასზე დამოკიდებულება მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოში დღითიდღე იზრდება. სოციალური ქსელების საშუალებით პოლიტიკოსები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ და პირდაპირ ამყარებენ კავშირს საკუთარ ამომრჩევლებთან. პოლიტიკოსების უმრავლესობა სოციალურ ქსელებს საკუთარი პიარისთვისაც იყენებენ. სოციალური ქსელები საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და ამის გამო, დღესდღეობით ინფორმაციის ორმხრივად გაცვლა შესაძლებელია.
AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელი პოლიტიკოსები იყენებენ აქტიურად სოციალურ ქსელებს და ვის რამდენი "ლაიქი" აქვს "ფეისბუქის" ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით.
მიხეილ სააკაშვილი (615 ათასი), ირაკლი ღარიბაშვილი ( 243 ათასი), კახი კალაძე (214 ათასი) – ასე გამოიყურება პოლიტიკოსთა რეიტინგი მათი ოფიციალური გვერდების მოწონების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამ სიაში მეოთხე ადგილს იკავებს 179 ათასი ლაიქით. მეხუთე ადგილზე კი ნინო ბურჯანაძეა 108 000 ლაიქით.
როგორც სოციალური ქსელების მენეჯერმა, ზურა ბალანჩივაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, სოციალურ ქსელებს აქტიურად რამდენიმე პოლიტიკოსი იყენებს: მათ შორის სააკაშვილი, მარგველაშვილი, ღარიბაშვილი, ნარმანია და კალაძე. პოლიტიკოსების გვერდებზე "ლაიქების" სიმრავლეს კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
"სააკაშვილის "ლაიქების" სიმრავლეს ის განაპირობებს, რომ მას უფრო ადრე ჰქონდა ფეისბუქ-გვერდი და ეს დროის ფაქტორია. კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ მას რამდენიმე ენაზე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე აქვს "ფეისბუქი", რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს, ბუნებრივია, "ლაიქების" რაოდენობაც გაიზრდება.
ირაკლი ღარიბაშვილს მხოლოდ ქართულ ენაზე აქვს "ფეისბუქი" და "ლაიქების" სიმცირეს სწორე ეს განაპირობებს, რადგან გვერდი მხოლოდ ქართულ აუდიტორიაზეა გათვლილი.
ლაიქების სიმრავლეში რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობაც კარგად ჩანს. პოლიტიკოსებს "ლაიქების" მომატება არ უჭირთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სწორ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. ეს განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლებს ეხებათ, რა თქმა უნდა, როცა საზოგადოებისთვის მოსაწონს იტყვი, უფრო მეტად პოპულარული ხდები. ხელისუფლების წარმომადგენლებს კი "ლაიქების" მოსაგროვებლად მეტი აქტიურობა მართებთ", - განაცხადა ზურა ბალანჩივაძემ.
თიკო გურაშვილი
AMBEBI.GE