დანაშაულის ადგილის შესწავლას და ზუსტ აღწერას, დანაშაულის გახსნის საქმეში დიდი როლი აქვს. ambebi.ge დაინტერესდა, როგორ მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე. დანაშაულის გახსნის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა ალთუნაშვილი გვიამბობს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ხელმძღვანელობს გამომძიებელი. ჩართულია ექსპერტ-კრიმინალისტები, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით ადგილზე აღმოაჩენენ, დააფიქსირებენ და ამოიღებენ სხვადასხვა ნივთებს. ამოღებული "მტკიცებულება" ილუქება და ბარდება ექსპერტიზაზე. კრიმინალსტური ექსპერტიზის შემდეგ გადაეცემა ლაბორატორიას კვლევისთვის.
ადგილის დათვალიერება უნდა მოხდეს კვალიფიციურად, ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებმა მიიღონ მონაწილეობა კვლევაში. ექსპერტ-კრიმინალისტებს შესაბამისი უნარი და ალღო უნდა ჰქონდეს, სად რა მოძებნოს.
- ბატონო ზაზა, რა მეთოდით მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე?
- ობიექტების ფიქსაცია ხდება ამით, ასევე მიმდინარეობს ფოტო გადაღება. რადგან ზუსტად მოხდეს იმის აღწერა, რა სურათი იყო ადგილზე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ეს იძლევა იმ სურათს, რა ხდებოდა დანაშაულამდე. დათვალიერება სწორედ პირველადი სურათის აღდგენას ემსახურება. შემთხვევის ადგილი უნდა იყოს დაცული. ბევრი საქმე გაიხსნა ექსპერტიზით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დანაშაულის გახსნაში ექსპერტიზა აღარ არის ჩართული, ჩვენს დროს ამით შესაძლებელი იყო დანაშაულის გახსნა. რეფორმა სჭირდება ამ სამსახურს. სასამართლოს განაჩენისთვის ექსპერტ-კრიმინალისტების გამოკვლევებს დიდი დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ექსპერტიზა, როგორც ხელოვნება, ისე განიხილეთ, ეს სულ სხვა სფეროა.
დანაშაულის გახსნისთვის ერთ-ერთი საჭირო პროცედურაა სამედიცინო ექსპერტიზა.
სამედიცინო ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის თქმით, სამედიცინო ექსპერტები, ძირითადად გახმაურებულ საქმეებზე მუშაობენ.
- "რეალ-ექსპერტში" ტარდება ყველანაირი ექსპერტიზა, მათ შორის სატელევიზიო ანძების და კომუნიკაციების ექსპერტიზა, რომელიც აქამდე საქართველოში არ ტარდებოდა. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზას, ის ლიცენზირებულად უნდა ჩატარდეს. არის ცოცხალ პირთა და გვამის ექსპერტიზა. მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, რით არის მიყენებული დაზიანებები. შესაძლოა, მიეღო თუ არა ის დაზიანებები მოცემულ პირობებში, ეს ყველაფერი მოწმდება საქმის მასალების შესწავლისას. ექსპერტების ჩართვა სამწუხაროდ, მხოლოდ გახმაურებულ საქმეებში ხდება, სამწუხაროდ, ეს დიდი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რეგიონები უფრო პასიურები არიან ამ მხრივ. ობიექტურ მტკიცებულებებს თბილისში უფრო აქცევს ყურადღებას სასამართლო, ვიდრე რეგიონებში. გამოვყოფდი ბესიკ ბუგიანაშვილს და დავით დარახველიძეს, ისინი ღრმად შედიან სიღრმეებში და საქმის განხილვაში, ნოტარიუსებივით არ იქცევიან. ზოგჯერ ადვოკატთან ერთად ვატარებთ ე.წ. კონსულტაციის რეჟიმს, როცა ადვოკატს ვუხსნით, რა მიმართულებით წარიმართება დაკითხვა. შესაბამისად ის საკითხში მომზადებულია, როცა მოსამართლეს აჩვენებ, რომ კარგად ხარ მომზადებული, ეს გავლენას ახდენს საბოლოო განაჩენზე. რაც შეეხება პროკურატურას, ძირითადი კადრები მთავარ პროკურატურაში არის თავმოყრილი, რაც შორდები თბილისს, პროკურორის ხარისხიც იკლებს. უნდა განსაზღვროს ექსპერტმა, სად შეაცვლევინებენ მოწმეეებს ჩვენებებს და ა.შ. ცუდი საპროცესო კოდექსი გვაქვს, დაცვის მხარის უფლებები შეზღუდულია. ძველი კანონით დაცვას შეეძლო სასამართლოზე წარმოედგინა ერთი მტკიცებულება საკუთარი უფლებების დასაცავად, შარშან სექტემბერში ამოიღეს ეს კანონი და ყველა მტკიცებულებები პირველივე პროცესზე უნდა იყოს წარმოდგენილი. პარლამენტს არ უნდა ამოეღო ეს კანონი. მათ ამ გადაწყვეტილებას ვერ გავამართლებ.
თამარ ბოჭორიშვილი