"ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე სემეკი დღეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ სხდომაზე "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ, ნოემბერ-დეკემბერში შესაძლო გრაფიკზე ისაუბრა.
"თუ ასე გაგრძელდა, ნოემბერ-დეკემბერში გვექნება გრაფიკი", - ამის შესახებ სემეკ-ის გუშინდელ სხდომაზე "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, რომელიც "ენერგო პრო ჯორჯიას" შვილობილ კომპანია "ჯიფაუერს" წარმოადგენდა. მისი თქმით, სემეკ-ის მიერ წარმოდგენილი პროექტი ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული ეკონომიის გაქვითვასაც ითვალისწინებს, მიუღებელია.
"ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ენერგოკომპანიის დანგრევა. კრიზისში ვართ უკვე იმ დონეზე, რომ გაჩერების პირას ვართ და ვცდილობთ, სასწრაფო წესით დავტოვოთ ქვეყანა. დღეს დადგა რეალობა, როცა "ჯიფაუერისთვის" ელექტრონერგის გამომუშავების თვითღირებულება არის 10,5 თეთრი, ხოლო ბაზარს უნდა მიაწოდოს 7,3 თეთრად. სახელმწიფომ მოგვაწოდოს მაშინ ზუსტად იგივე ფასში ელექტროენერგია, რაშიც ყიდულობს. ჩვენი ზარალი არის ათობით მილიონი და ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ. სისტემის სტაბილურობა უკვე დიდი კითხვის ქვეშ დგას", - განაცხადა ბოცვაძემ.
მისი თქმით, კომპანია უკვე 2 წელია, ზარალზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი ტარიფი კომპანია "ჯიფაუერისთვის" 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს "მტკვარი ენერგეტიკისათვის" – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, დღევანდელი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა.