ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა.
"გურია ნიუსის" კითხვაზე, არის თუ არა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი ისეთი, როგორსაც დაპირდა მოსახლეობას, ბიძინა ივანიშვილი ასე პასუხობს:
"ისიც კი შემახსენეს (ეს არ მოდიოდა ჩემს ტერმინოლოგიაში), რომ ყველა ჯიბეს დაეტყობოდა. მე ვეღარ მოვახერხე გადამოწმება, ესეც კი მითქვამს ერთხელ სადღაც. ნუ, რა თქმა უნდა, არაკორექტული ვიყავი, როდესაც ეს ვთქვი.
რამდენადაც ეკონომიკურად შეუძლებელია, მესამე წელს, რომ ეკონომიკური აღმასვლა ყველა მოსახლის ჯიბეს დაემჩნეს. რეალურად, უმუშევრობა იმაზე მეტია, რასაც სტატისტიკა წერს, რამეთუ, ვინც დასაქმებულია საკუთარ მეურნეობებში, მათაც დასაქმებულებში მიიჩნევენ. მათი შემოსავალი ძალიან მწირია და საკამათოა, რამდენად შეიძლება ისინი დასაქმებულად ჩავთვალოთ. ვფიქრობ, უარესობაა, ვიდრე სტატისტიკის მონაცემებით არის.
რაც შეეხება მესამე წელს ეკონომიკის სტაბილურობას, მე რის საფუძველზეც ვსაუბრობდი, დღესაც გავიხსენებ ამას, რატომ ვამბობდი და რაც მქონდა მხედველობაში, მე ვფიქრობ, რომ "ყველა ჯიბეს დაეტყობა" - ეს რომ ვთქვი, ეს წამოცდენაა. ეს არ არის გააზრებული და, ასე შეიძლება პრინციპში, ინტერვიუს დროს რაღაც მოხდეს, მაგრამ ეს ერთხელ ვთქვი და სტაბილურად რომ ეს მეთქვა, ამას ვერ ნახავთ.
შეიძლება ერთხელ ვთქვი და ისიც გადასამოწმებელი მაქვს. "ტაბულამ" აღმოაჩინა და ვერ მოვიცალე, რომ გადამემოწმებინა, იმდენად ჩემი არაა, რამეთუ მე კარგად ვიცოდი, რასაც ვამბობდი. ეკონომიკა ვიცი და ვიცი რა დრო სჭირდება, რომ ევროპული ტიპის ეკონომიკა მივიღოთ.
წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბიზნესში ხელების ფათური შეწყდა ჩვენი მოსვლით, კონკურენტუნარიანია ბაზარი, პრივილეგირებული ბიზნესმენები არ არსებობენ და, სხვათა შორის, შფოთავენ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესმენებს ბაზრების მოპოვებაში დაეხმაროს, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად დააჩქაროს", - ამბობს ივანიშვილი "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
წყარო: gurianews.com