გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, 150-ლარიანი პენსია ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ უკვე 35-40 ლარით "შეჭამა", შედეგად სექტემბერში მისი 6,6%-იანი ზრდა მატებად არ ჩაითვლება. მოხუცები პენსიას, ძირითადად, ჯანდაცვასა და სურსათზე ხარჯავენ. ეს სეგმენტი კი მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო მეტად გაძვირდა. გამოდის, რომ პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტია, ვიდრე მიზნობრივი ინფლაციით (5%-ის) გამოწვეული სხვაობა.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მრავალრიცხოვან ჯგუფს პენსიონერებიც უერთდებიან, თანდათან უკვე იმკის. ოფიციალური ინფორმაციით, წელს ივნისში ინფლაცია, წინა წელთან შედარებით 4,5% იყო, თუმცა მედიკამენტები და მთლიანად ჯანდაცვა, რომელთა წილიც პენსიონერის პენსიაში დაახლოებით 20-25%-ია, მეტად გაძვირდა და ამ სეგმენტში წლიურმა ინფლაციამ 7,4% შეადგინა. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელზე 1%-ზე მეტად მოიმატა ფასებმა საკვებზე. ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასის 5,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ინფლაცია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე სხვადასხვაგვარად აისახება. იმის გამო, რომ მოხუცებს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებში უფრო ბევრი ეხარჯებათ, ვიდრე ახალგაზრდებს (მედიკამენტები კი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე სამომხმარებლო ბაზრის სხვა ელემენტები), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 160-ლარიანი პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებლით გამოწვეული სხვაობა.
"პენსიონერებს, დაახლოებით, 20-25% ეხარჯებათ მედიკამენტებზე, ფასები ამ სეგმენტზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სექტემბრამდე არა მგონია, წამლები გაიაფდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მათი გაძვირების ხარჯზე პენსიონერს ხარჯი დაახლოებით 7-8%-ით გაეზრდება. ამას თუ 4,5%-იან ინფლაციას მივუმატებთ, გამოდის, რომ წლის ბოლოსთვის პენსიონერის ხარჯი დაახლოებით 12-13%-ით მოიმატებს. საბოლოო ჯამში, 2015 წლის სექტემბრისთვის პენსიონერების საშუალო პენსიის მსყიდველუნარიანობა იქნება დაახლოებით იმაზე ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ერთი წლის წინანდელი, 150-ლარიანი პენსიის შემთხვევაში იყო", - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას ეკონომისტმა ზვიად კანდელაკმა.
სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, იმისათვის, რომ ვისაბუროთ 2015 წლის სექტემბერზე, უნდა ვნახოთ იმ პერიოდისთვის ინფლაციისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსის როგორი სტატისტიკა გვექნება.
"დღეისათვის კი შეიძლება ვთქვათ, რომ ახლანდელი 150-ლარიანი პენსია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფაქტობრივად, 40 ლარით არის "შეჭმული", ამიტომ, ჩვენ დავედით 110 ლარის დონეზე. 110-ს თუ დავუმატებთ 10 ლარს, მივიღებთ 120 ლარს.