საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად წასვლა და დასაქმება არც ისე ადვილია, თუმცა არის პროგრამები, რომლის საშუალებითაც ევროკავშირის ქვეყნებში უმეტესად ახალგაზრდები მიდიან, ჯერ სწავლობენ, შემდეგ კი საქმდებიან და ხშირ შემთხვევაში, იქვე რჩებიან.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში სამსახურის შოვნა. ერთ-ერთი ოპერის პროგრამაა, რომელშიც მონაწილეობას ბევრი ქართველი ახალგაზრდა იღებს. ეს არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც მსურველები გერმანიის რომელიმე ქალაქში, ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობენ, ეხმარებიან ბავშვების აღზრდაში და პარალელურად გერმანული ენის კურსს გადიან. ასეთი პროგრამით წასული ბევრი ქართველი იქვე რჩება და სწავლას ან მუშაობას აგრძელებს.
საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების კიდევ ერთი საშუალება დასაქმების სააგენტოებია, რამდენიმე ასეთ სააგენტოს საკუთარ ვებ-გვერდზე რამდენიმე ვაკანსია უდევს, სადაც მსურველს ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა სამუშაოს სთავაზობენ, თუმცა როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა გვითხრა, ასეთი სახის დასაქმება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მსურველებს ევროპაში ვერ უშვებენ, თუმცა, ვაკანსიებს საიტიდან მაინც არ იღებენ.
მცირე სახსრების გამო, მეცნიერებს ევროპაში დასაქმების ფართო არეალს ვერ სთავაზობს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ჩვენთან საუბარში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნათია ვადაჭკორია ამბობს, რომ თუ თავად მეცნიერები ან მეცნიერთა ჯგუფი მოიპოვებს უცხოურ გრანტს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ მეცნიერებს ევროპაში წასვლა და საქმიანობის არეალის გაფართოება.
"აკადემია რომ ვინმეს აფინანსებდეს, ასეთი რამ არ ხდება, ამდენი სახსრები არ გვაქვს, რომ მეცნიერებს ევროპაში წასასვლელად ხელი შევუწყოთ. თუ თავად მოიპოვებენ გრანტს, კი ბატონო, მაგრამ თვითონ მეცნიერებათა აკადემია, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, რომ ვინმეს აფინანსებდეს, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია", - ამბობს ნათია ვადაჭკორია.
ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების კუთხით რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ვიზალიბერალიზაციას, ამაზე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროკავშირის პროექტების ხელმძღვანელ ვანო ჩხიკვაძეს მივმართეთ, რომლის თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ევროპის ქვეყნებში შრომის ბაზრის გახსნას არ ითვალისწინებს.
"საქართველოს მოქალაქეს შეეძლება 180 დღიდან 90 დღე შენგენის ზონის ქვეყნებში გაატაროს და შემდეგ უკან უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ეს მათთვის შრომის უფლების მინიჭებას არ ითვალისწინებს", - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
თსუ-ს მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-ხელმძღვანელის მირიან ტუხაშვილის თქმით, სხვადასხვა პროგრამით და კანონიერად წასულ ემიგრანტთა რაოდენობა მინიმალურია, ძირითადი მასა არალეგალურად ან ნახევრად არალეგალურად არის წასული.
"რა თქმა უნდა, კანონიერად წასვლისა და დასაქმებისთვის არის პროგრამები, მაგრამ ამხელა მასის დასაქმება თვითონ ევროპას და ამერიკას არ სჭირდება, ბევრს უნდა წასვლა, მაგრამ თავად ევროპა ვერ იტევს ამდენ მსურველს. ახლახან სტუდენტებში გამოკითხვა ჩავატრეთ და უმეტესობას საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზად ევროპაში წასვლა და იქ მუშაობა ესახებათ. დღეს შრომით ემიგრაციაში 400 ათასიდან დაახლოებით 2 მილიონამდე ქართველია წასული. შეიძლება ზუსტად 2 მილიონი არ არის, რადგან ზუსტი ციფრი არავინ იცის, ეს უბრალოდ კომპეტენტური პირების მოსაზრებაა, მაგრამ რაოდენობა მაინც დიდია. სამწუხაროდ აღრიცხვა არ ტარდება, რომ ემიგრაციაში წასული ქართველების დაახლოებითი ციფრი მაინც გავიგოთ.
ჩვენგან ძირითადი მასა მიდის რუსეთში, საბერძნეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატები, თუმცა, ბოლო დროს ევროპაში სამსახურის მაძიებელთათვის სხვა ქვეყნების წილიც იზრდება, ეს არის საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია. თურქეთის წილი შედარებით ნაკლებია. მართალია ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ ბაზარზე სამუშაო ძალა იაფია, ამას გარდა, იქ საშინელი ექსპლუატაციაა, მასობრივი არაადამიანური მოპყრობა", - ამბობს მირიან ტუხაშვილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თათია კაჭარავას თქმით, ზოგადი სურათი, რომ საქართველოდან გასული მოქალაქე შრომითი თვალსაზრისის რეგულაციებით დაცული იყოს, არ არსებობს.
"საქართველოდან კანონიერად წასვლაზე კანონი დარეგულირებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მივდივართ ან რაიმე ხელშეკრულების მონაწილე უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი წასვლა იყოს კანონიერი.
ჩვენთან ფიქრობენ, რომ შეიქმნას ემიგრაციის და იმიგრაციის კოდექსი, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არაფერი არსებობს, პროექტის დონეზე იყო შემუშავებული, მაგრამ პარლამენტში არც გასულა. ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებაზე ქართულ კანონმდებლობაში მსგავსი არაფერია და ვერც ნახავთ, რადგან არ არსებობს. შეიძლება იყოს საერთაშორისო ნორმატივი ანუ სახელმწიფოთაშორის რაიმე შეთანხმება, ასევე, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის წევრი გავხდებით, ამ კუთხით ჩვენზე უფრო მეტი შეღავათი იმოქმედებს.
ახლა მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რომ იმ ქვეყანაში, სადაც წასვლა გვაქვს გადაწყვეტილი, იქ არსებული კანონმდებლობით დარეგულირდეს ჩვენი დასაქმება, როგორც ჩვენთან უცხოელებზე არის შესაბამისი კანონმდებლობა", - ამბობს თათია კაჭარავა.
თაკო ესებუა
AMBEBI.GE