"X ფაქტორის" გრანდიოზული პროექტი აჭარელი ჯარისკაცის, გიორგი ნაკაშიძის გამარჯვებით დასრულდა. 80 681 ზარიდან მაყურებლის რჩეული, ხმების 52 %-ით სწორედ გიორგი გახდა. კონკურსანტს გამარჯვებულის ტიტულთან ერთად, საჩუქრად ბინა ბათუმში, ორკაციანი საგზურები თურქეთსა და ბარსელონაში, აიფონ 6, სმარტფონი და 10 000 ლარი გადაეცა.
აჭარელი ჯარისკაცი პროექტში მამის თხოვნით მივიდა და პროექტის მანძილზე 7-ჯერ იყო ხალხის რჩეული.
გიორგი ნაკაშიძე: "სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს სიხარულს, ყველა ჯარისკაცს, მეგობრებს, ნათესავებს, პროექტის შემქმნელებს დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ არ მჯერა თუ გავიმარჯვე. მოვიგე ორი ორკაციანი საგზური ბარსელონაში და თურქეთში, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი ვისთან ერთად წავალ სამოგზაუროდ".
პროექტში ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა მის მიერ შესრულებულმა "ბითლზის" სიმღერამ.
კონკურსანტებმა გუშინ სცენაზე სამი სიმღერა შეასრულეს. ნინი ბრეგვაძეს პროექტის პარტნიორებისგან საჩუქრად შეხვდა 30 000 ლარიანი პრიზი, ერთწლიანი, ყოველთვიური სტიპენდია "რუსთავი 2"-სგან და ორი საგზური საზღვარგარეთ.
ნინი ბრეგვაძე: "ჩემს თავში უფრო მეტად დარწმუნებული გავხდი. მართალია ვერ გავიმარჯვე, მაგრამ პრიზებით დახუნძლული მივდივარ სახლში. ჯერჯერობით არ ვიცი, რაში დავხარჯავ მოგებულ თანხას, ალბათ საზღვარგარეთ წავალ სასწავლებლად, კერძოდ ამერიკაში. მე მინდა, რომ ვიყო მომღერალი და აქ თუ რამე ცვლილებები არ იქნება, სხვა რა დამრჩენია? წავალ ამერიკაში".
ორი ბილეთი მადონას კონცერტზე და საგზური თურქეთში დასასვენებლად, გადაეცემა მარიამ ჯანჯღავას. ბავშვების კატეგორიის რჩეული პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა, მაგრამ თვლის, რომ ფინალში ყოფნა უკვე გამარჯვებაა. მარიამი დასასვენებლად ანრი ჯოხაძესთან ერთად წასვლას აპირებს.
მარიამ ჯანჯღავა: "ბარსელონა, ბერლინი, თურქეთი უნდა მოვიარო. ძალიან გახარებული ვარ. გული არ დამწყდა გამარჯვებული რომ ვერ გავხდი, ფინალში ყოფნა უკვე გამარჯვებაა. სიმღერას გავაგრძელებ მომავალში, მაგრამ კონკურსებზე აღარ გამოვალ, რადგან ამაზე მაგარი პროექტი არ მგონია კიდევ გაკეთდეს საქართველოში. თან დიდი გამოცდილება მივიღე".
AMBEBI.GE
თამარ ბოჭორიშვილი