"არ აქვს მნიშვნელობა ხართ თუ არა პროექტის ერთგული მაყურებელი, გყავთ თუ არა ფავორიტი, უკლებრივ ყველა უნდა მოკალათდეთ ტელევიზორთან საღამოს 10 საათზე და ნახოთ ყველაზე, ყველაზე მაგარი ლაივი!
თქვენ კი, ვისაც გყავთ ფავორიტი, აუცილებლად დაურეკეთ მას და დაეხმარეთ გამარჯვებაში", - შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ამ ტექსტით მიმართა მაყურებელს "X-ფაქტორის" ფეისბუქ-გვერდმა. Ambebi.ge ფინალური შოუს შესახებ მეტი ინფორმაციით დაინტერესდა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღევანდელი კონცერტი სანახაობრივად განსაკუთრებით დატვირთული, მუსიკალური თვალსაზრისით კი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქნება. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, "X-ფაქტორის" დასკვნითი შოუ ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ფინალისტები ქართულ სიმღერებს შეასრულებენ, თუმცა ისეთებს, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობ რეპერტუარად მიიჩნევა; ხოლო მეორე ნაწილი კონკურსანტების საბოლოო ბრძოლას და შედეგის გამოვლინებას დაეთმობა.
ცეკვა, გართობა, ვიზუალური ეფექტებით დატვირთული სანახაობა და ცხადია, მაღალი საშემსრულებლო ტექნიკა უკვე საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსებისგან, რომლებიც მაყურებლისგან საბოლოოდ აღიარებას SMS-მხარდაჭერით ელიან. ვინ გახდება ქართული თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ვარსკვლავი და მელომანების ახალი კერპი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. რაც შეეხება პრიზებს, გამარჯვებული, სახალხო აღიარებასთან ერთად, ბათუმში ბინას, გერმანიაში კი მადონას კონცერტზე დასასწრებ საგზურს მოიპოვებს.
Ambebi.ge შეგახსენებთ, რომ შოუს ფინალურ ეპიზოდში ერთმანეთს მარიამ ჯანჯღავა, ნინი ბრეგვაძე და გიორგი ნაკაშიძე დაუპირისპირდებიან. ჩვენ სამივე მათგანს წარმატებას ვუსურვებთ, მკითხველს კი ქვეყნის მთავარი მუსიკალური შოუს შედეგებს ოპერატიულად ვაცნობებთ.