თბილისში რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე დაკავებული "ტაბულას" პროდიუსერი, ლექსო მაჭავარიანი თავისუფალია. იგი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ჰქონდა თუ არა მაჭავარიანის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი, მხარეები 20 ივლისს იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ ლექსო მაჭავარიანი სამართალდამცველებმა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის დაწყებამდე დააკავეს.
მაჭავარიანის დაკავების დროს, კანცელარიასთან "ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილიც იმყოფებოდა, რომლის თქმითაც მაჭავარიანის მხრიდან არანაირ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია და ყველაფერი კანცელარიის წინ სცენის დამონტაჟებასთანაა დაკავშირებული.
"აბსურდული, წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს ლექსო მაჭავარიანი. არანაირი წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონია ადგილი; პირიქით, - თვითონ იძალადეს ლექსოზე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ არ სურთ სცენა დავდგათ კანცელარიის წინ. ზღუდავენ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას. ამიტომაც დაიჭირეს ჩემი პროდუსერი".