"ანგელოზივით შვილი ასე სასტიკად მომიკლა... ღმერთმა უმრავლოს ნორვეგიას ბრეივიკისნაირი სტუდენტები"

"ანგელოზივით შვილი ასე სასტიკად მომიკლა... ღმერთმა უმრავლოს ნორვეგიას ბრეივიკისნაირი სტუდენტები"

ანდრეს ბრეივიკი, რომელიც 77 ადამიანის მკვლელობისთვის 21-წლიან სასჯელს იხდის, ოსლოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. უნივერსიტეტის რექტორის, ოლე პეტერ ოტესენის განცხადებით, ნორვეგიის ციხეების ყველა პატიმარს აქვს უფლება, მიიღოს უმაღლესი განათლება. ბრეივიკის განაცხადი უნივერსიტეტში სწავლის შესახებ ორი წლის წინ უარყვეს- მაშინ მისი კვალიფიკაცია არასაკმარისად ჩაითვალა. გამომდინარე იქედან, რომ ბრეივიკს 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ახლადგამომცხვარ სტუდენტი დისტანციურად ისწავლის და მას პედაგოგებთან პირდაპირი კავშირი არ ექნება. კუნძულ უტოიაზე ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტს 77 ახალგაზრდის, მათ შორის ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ ამ თემაზე კომენტარი თამთას დედას, ლეილა ლიპარტელიანს ვთხოვეთ:

- არც ვიცი რა უნდა ვთქვა, აღმოჩნდა, რომ ნორვეგიაში მხოლოდ ტერაქტის მოწყობაა იოლი, დანარჩენი ყველაფერი რთულია, ხოლო ვინც ტერაქტს მოაწყობს, იმისთვისაც იოლია ყველაფერი, მეტიც, დაფასებულიცაა ასეთი ადამიანი. ერთს ვიტყოდი, რომ ღმერთმა უმრავლოს ნორვეგიას ასეთი სტუდენტები.

ყველაზე მეტად მიკვირს,ნორვეგიელი ახალგაზრდების, იმ სტუდნეტების, ვინც იმავე სასწავლებელში ირიცხება, სადაც ბრეივიკმა უნდა ისწავლოს, როგორ დავიჯერო არავის არ გაუჩნდა პროტესტის განცა?! ერთ ადამიანსაც არ უთქვამს არაფერი. ნუთუ სრულებით არ განიცდიან დისკომფორტს, 77 უდანაშაულო ბავშვის მკვლელი მათ სასწავლებელში რომ ისწავლის?! არ ვიცი, რა მენტალიტეტის ხალხია. ადრე ამბობდნენ, რომ დისტანციური მეთოდით ისწავლისო, თუცა არ გამიკვირდება ლქციებზეც დაესწროს, გულწრფელად რომ გითხრათ, უკვე არც ის გამიკვირდება რომ გავიგო - ანდრეს ბრეივიკი გაათავისუფლესო. დემოკრატიაა ნორვეგიაში და იმიტომ ხდება ასეო, ეს დემოკრატია კი არა მარაზმია. 22 ივლისს მოხდა ტერაქტი და შარშანაც და შარშანწინაც, სწორედ ამ დროს დაიწყეს ბრეივიკის სტუდენტობაზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, ჯილდო გაუკეთეს და სტუდენტი გახადეს. სხვათაშ ორის, თუ მას რამეს უკეთებენ ყოველთვის ამ დღეს ამთხვევენ. ვერ ხვდებიან რომ ამ ნაბიჯით სხვებს, ვინც ასეთივე ტვინნაღრძობია, ახალისებენ.