მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი დააკავეს.
რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას, უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს. შსს-მ მამაკაცის დაკავების ამსახველი კადრებიც გაავრცელა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.
კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს. გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.