ქარელის რაიონის სოფელ კნოლევიდან 53 წლის მამაკაცი გაიტაცეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამეტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განუცხადა, მამაკაცის უკანონოდ დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის შვილთან ერთად საკუთარ ბაღში მუშაობდა.
"მამა-შვილი თორთლაძეები საკუთარ ბაღში მუშაობდნენ, რა დროსაც მათი უკანონოდ დაკავება მოხდა, თუმცა შვილმა გამოქცევა მოახერხა. ამუშავებულია ცხელი ხაზი, საქმის კურშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჯერჯერობით დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დაჭერის ფაქტი არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ აღნიშნულ პირს ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ", - განაცხადა ენუქიძემ.
მისივე თქმით, 20 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ რიგგარეშე შეხვედრაზე ძირითადად საკითხთან ერთად, აღნიშნული ინციდენტის განხილვაც მოხდება.