ახალი ამბავი არ არის, რომ თბილისში უამრავი ხე, მათ შორის, მარადმწვანე იმისთვის იჭრება, რომ იქ შემდგომ მრავალსართულიანი სახლი აიგოს. ამ ფაქტის მიმართ საზოგადოების დიდი პროტესტის მიუხედავად, ეს მანკიერი პროცესი დედაქალაქში მაინც გრძელდება, რაც მთავარია, ამის შემაკავებელი არანაირი ბერკეტი არ არსებობს. არადა, ერთი ხის გაზრდას ცნობილია, რომ დიდი დრო სჭირდება.
ამასთან, ქალაქში მოჭრილი ხეების ადგილზე აშენებულმა შენობებმა, რომლებიც ვერც მაინცდამაინც ლამაზი არქიტექტურით დაიტრაბახებენ, სრულიად დაამახინჯა თბილისი, წაგვართვა საუკუნოვანი ხეები, ჟანგბადი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.
უკვე რამდენიმე თვეა, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიან კორპუსს აშენებენ. ის იმითაც იქცევს ყურადღებას, რომ რამდენიმე ხანდაზმული ხეა შიგნით შენობაში მოყოლილი, რაც გაოცებას იწვევს. ამასთან, მშენებარე კორპუსს სართულები ემატება, მაგრამ ხეებს არავინ ჭრის. თავიდან გვეგონა, რომ ხმაური რომ არ ატეხილიყო, ამიტომ არ მოჭრეს-თქო. მერე ადგილზეც მივედით და გაირკვა, რომ ეს ხეები პროექტის ნაწილია.
კარგია, თუ ხეების მიმართ ასეთი კეთილშობილური დამოკიდებულება ბოლომდე შენარჩუნდება და ამ შენობის მეპატრონენი სამომავლოდ მათ მოჭრას არ დააპირებენ.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE
გოგა ჩანადირის ფოტოები