რეზო ჩხიკვიშვილი ექვთიმე თაყაიშვილის როლს ითამაშებს - ფილმი, რომლის გადაღებაშიც ჩართვა მთელ საქართველოს შეუძლია

რეზო ჩხიკვიშვილი ექვთიმე თაყაიშვილის როლს ითამაშებს - ფილმი, რომლის გადაღებაშიც ჩართვა მთელ საქართველოს შეუძლია

შემოქმედებითი ჯგუფი "დაკარგული ლეგენდები" დიდი ხანია ერთ სერიოზულ პროექტზე მუშაობს. პროექტი დიდი ქართველის, ეროვნული გმირის - ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ეძღვნება. ექვთიმეს როლზე უცხოეთში მოღვაწე, პოპულარული ქართველი მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილია დამტკიცებული. შემოქმედებითმა ჯგუფმა პროექტის პრომოვიდეო უკვე გადაიღო (იხილეთ ვიდეო). ფილმის გადაღებას კი სექტემბრისთვის გეგმავენ.

"ამბები.გე"-ს ექსკლუზიურად, რეჟისორი და პროდიუსერი ნიკოლოზ ხომასურიძე ესაუბრა.

- ცნობილია, რომ ექვთიმე თაყაიშვილზე რამდენიმე წელია, ფილმის გადაღება გინდა. გარკვეული მოსამზადებელი ეტაპებიც გაიარე. ამჟამად რა სიტუაციაა?

- ამ ადამიანთან ჩემი, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. 9 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მასზე ბატონი რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი ვნახე და სწორედ მაშინ გავიგე, ვინ იყო და მის მიმართ უდიდესი მოწიწებისა და პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა როგორც ქართველის, ადამიანის, პატრიოტის მიმართ და სულ მქონდა ვალდებულების გრძნობა, ამ ღვაწლმოსილი პიროვნებისთვის, როგორც ქართველს რა გამეკეთებინა, რითი შემეძლო ვალის გადახდა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც ვერ მივხვდი, ეს როგორ უნდა მომეხერხებინა.

სამი წლის წინ კი, როგორც იქნა, გამიჩნდა იდეა, მასზე მხატვრული ფილმი გადამეღო, სადაც ექვთიმე მეუღლესთან, ნინო პოლტარაცკაიასთან ერთად გაცოცხლდებოდა. რომ არა ნინო, იმდენს ვერ შეძლებდა... ეს არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია იყო და თავგანწირვის საოცარი მაგალითი, რაც ორივემ ერთად აჩვენეს.

მოკლედ, მე და ლაშა კანკავამ სცენარზე დავიწყეთ მუშაობა, ბევრი დოკუმენტი, ჩანაწერი შევისწავლეთ. სცენარი საბოლოოდ მზად არის და 7-წუთიანი პრომოვიდეოც გადავიღეთ. გადაღება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გვქონდა. ეს ის ეპიზოდია, როდესაც ილია საგურამოს სახლში ერთმანეთს ექვთიმესა და ნინოს ახვედრებს. იმ დღიდან დაიწყო მათი ურთიერთობა...

- ვინ ითამაშებს ექვთიმეს როლს?

- მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს. ჩამოსული იყო ბატონი რეზო, აქტიურად ჩაერთო საქმეში, პრომო ერთად შევქმენით და ახლა ფინანსურ კამპანიას ვიწყებთ, რათა ამ მხატვრული ფილმის გადასაღებად თანხები მოვიძიოთ. ამ პროექტის განხორციელებაში ყველას შეუძლია ჩაერთოს. არსებობს ჩვენი ვებ-გვერდი indiegogo.com, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გარკვეული თანხები გაიღონ. ვინც ამ პროექტისთვის რაიმეს გასცემს, სანაცვლოდ რაღაცას აუცილებლად მიიღებს, მაგალითად, უფასო ბილეთს, როდესაც უკვე კინოთეატრში ფილმის პრემიერაზე მობრძანდება. იქ თანხას აღარ გადაიხდის და საჩუქრად ჩვენი პროექტის, "ამირანის" კომიქსები და სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცემა, რომ ასეთ დიდ საქმეში წვლილი შეიტანა. ასევე არსებობს საქველმოქმედო ნომერი - 091200121, სადაც დარეკვა არის შესაძლებელი (თითო ზარი ერთი ლარი ღირს).

- როდის დაიწყებთ უშუალოდ გადაღებას?

- ამ კამპანიის შემდეგ, რა თანხაც შემოვა, გადაღებას მაშინვე დავიწყებთ, თან, ამასთან, ამ პერიოდში პარალელურად ფინანსურ ჯგუფებს, კომპანიებს ვხვდებით და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ (სავრაუდოდ, სექტემბერში ვგეგმავთ გადაღებას).

- ექვთიმეს მეუღლის როლს ვინ შეასრულებს?

- პრომოვიდეოში უმშვენიერესმა ლიკა წიფურიამ ითამაშა. ის "ერისიონის" მოცეკვავე და სოლისტია, თუმცა როლი ძალზე ლამაზად შეასრულა. თავად ფილმისთვის ნინოს როლზე გამოცხადდება ქასთინგი და ყველა მსურველს შეეძლება მონაწილეობა, რის შემდეგაც, შეირჩევა უკვე ნინო პოტარაცკაია...

- ბატონი რეზო ჩხიკვიშვილი ადვილად დაითანხმეთ? ის ხომ წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს...

- კი, იდეა და პროექტი ძალიან მოეწონა. მთლიანად ჩართულია. პრომოზე მუშაობით უდიდესი სიამოვნება მიიღო. საოცარი პროფესიონალი და საქმის მცოდნეა. ზოგადად პასუხისმგებლობაა ექვთიმეს გასახიერებაც და ამ ფილმის გადაღებაც. ასე რომ, მაქსიმალურად მომზადებულები ვართ და ყოველდღიურადაც ვაგრძელებთ შრომას. როდესაც შევიტყვეთ, რომ ბატონი რეზოც ექვთიმესავით წარმოშობით ლიხაურიდან ყოფილა, ძალიან გაგვიხარდა და ეს საოცარ დამთვხვევად მივიჩნიეთ. ამასთან, უკვე, როგორც თქვი, რამდენი წელია, უცხოეთში ცხოვრობს და ესეც რაღაცნაირად დამთხვევაა. თავად რეზოსაც, ხომ ვამბობ, ამ ადამინის მიმართ საოცარი ემოციური განცდები აქვს და მათი ემოციური გრძნობები ერთმანეთს ემთხვევა.

პროექტის პროდიუსერები ერთობლივად ვართ - მე, ლაშა ონიანი და ფრიდონ მჭედლიძე. ფილმის სამუშაო სახელწოდებაა "ექვთიმე," ან "ექვთიმე უდრის საქართველოს", რადგანაც ჩემთვის ექვთიმე საქართველოა და პირიქით.

მადლობა მინდა გადავუხადო პრომოვიდეოში მონაწილე სამსახიობო ჯგუფს: ლიკა წიფურიას (ნინო პოლტორაცკაია), ნუგზარ ჩიქოვანს (ილია ჭავჭავაძე), გოგი თურქიაშვილს (დავით სარაჯიშვილი), ლაშა კანკავას (ივანე პოლტორაცკი), ანა შარვაძეს (ეკატერინე ფორაქიშვილი), თამუნა აფციაურსა (მოახლე) და ირაკლი ელიზბარაშვილს (მებაღე). ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს შემოქმედებით ჯგუფსა და საგურამოს მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს მხარდაჭერისთვის.

ლალი ფაცია

ამბები.გე

იხილეთ ფილმის პრომოვიდეო

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება