გასულ კვირას, თბილისში, კვერნაძის ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. 10 საათსა და 30 წუთზე, გამოთვლითი მათემატიკის შენობის რამდენიმე სართული მოულოდნელად ჩამოინგრა და მუშები ნანგრევებში მოყვნენ.
საშინელი ნგრევის ხმა იქვე მცხოვრებლებმაც გაიგეს, უამრავი ადამიანი მოგროვდა, მაგრამ სამი ახალგაზრდა: 40 წლის ვანო არაბიძე, 31 წლის აკაკი ლომინაძე და 36 წლის გიგა კვირიკაშვილი ადგილზე დაიღუპნენ. სამაშველო სამსახურებმა ოპერატიულად ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანი, 17 წლის თამაზ კვირიკაშვილი. თურმე ის ბიძასთან სტუმრად რამდენიმე წუთის მისული იყო. დაშავებული ბიჭი სასწრაფოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თითქმის მთელი დღე არ ხმაურდებოდა დაღუპულთა ვინაობა, მათი ახლობლები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან შეკრებილები პასუხს უშედეგოდ ელოდნენ. მათი მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსებოდა, ტირილი და მოთქმა-გოდება ყველგან ისმოდა.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, შესაბამისი სამსახურები ტრაგედიის მიზეზს სწავლობენ, თუმცა, ეს ვერანაირი ნუგეშია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს.
შენობა შპს "ტიფლის ბიზნესცენტრის" სახელზე ირიცხება. კომპანიის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ბარათაშვილი ირწმუნება, რომ მშენებლობა პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა და უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო: "ჩვენი კომპანია აწარმოებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, სხვადასხვა ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგშია და სრულად გვქონდა დაცული უსაფრთხოების ნორმები. ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელსაც ვერ ავცდით. ჩაინგრა ჭერი, რომელიც არც ერთი გათვლით, არ უნდა ჩანგრეულიყო და მოხდა ტრაგედია. ეს იყო კომუნისტების დროს აშენებული შენობა, რომელსაც ჰქონდა ფილებით გადახურვა. მოიხსნა მძიმე სახურავი, რითაც შენობა უნდა შემსუბუქებულიყო. ვაკეთებდით მინის სახურავის გადახურვას მსუბუქი კონსტრუქციით. შენობა დაახლოებით 50-60 წლისაა. მოვხსენით თუნუქი, ჭერის ქვეშ რკინაბეტონის იატაკი იყო, ხიმინჯებით. მუშები რკინის კოლონებს აკეთებდნენ, როცა ფილები ჩამოინგრა. კედლებზე არანაირი სიმძიმე არ ყოფილა და არც დემონტაჟი მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ამას მსხვერპლი მოყვა". მისი თქმით, ტერიტორიაზე შენდებოდა საერთაშორისო დონის სასტუმრო. უშუალოდ კომპანია "კონსტრაქშენ გრუპი" ახდენდა შენობის რეკონსტრუქციას. უკვე დაჰკითხეს ამ კომპანიის ხელმძღვანელები. ცნობილია ისიც, რომ ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა. არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ კომპანიამ წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ივნისის ბოლოს შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია დაიწყო. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში გამოძიება დაადგენს ტრაგედიის მიზეზს და ყველა დამნაშავე დაისჯება.
სამწუხაროდ, დაღუპულები ერთმანეთის ნათესავები არიან. ისინი თბილისში სამუშაოდ რაიონიდან იყვნენ ჩამოსულები. 17 წლის თამაზ კვირიკაშვილი დილის 6 საათზე ჩაასვენეს მშობლიურ ბაღდათში. ვანო არაბიძე კი ზესტაფონში გადაასვენეს. აკაკი ლომინაძეც ბაღდათელი გახლდათ.