საბერძნეთის პარლამენტმა ბრიუსელში, ევროზონის ლიდერებსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
"ბიბისის" ცნობით, შეთანხმებას მხარი დაუჭირეს "სირიზას" გავლენიანმა დეპუტატებმა, ასევე ქვეყნის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა. თუმცა, ალექსის ციპრასმა ყველა თანაპარტიელის დარწმუნება ვერ შეძლო. კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა პარლამენტის სპიკერმა ზოე კონსტანტოპულომ, დარბაზში დაბრუნებულმა კი მიღებულ ზომებს "სოციალური გენოციდი" უწოდა.
საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთისთვის გამოყოფილი 86 მილიარდი ევროს 5 წლის ვადით გამოყოფის სანაცვლოდ საკანონმდებლო ზომების მიღებას ითხოვს, რომელიც გადასახადების გაზრდასა და საპენსიო ასაკის მატებას ითვალისწინებს. საბერძნეთის პარლამენტში ბრიუსელის შეთანხმების რატიფიცირება ათენის ქუჩებში მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
საბერძნეთის პარლამენტის გარდა, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება ევროზონის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტმა, მათ შორის, გერმანიამაც უნდა მოახდინოს.
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.