XIX საუკუნის მიწურულის, 1897 წლის 3 სექტემბრის ყოველდღიურ სახალხო გამოცემას - "ცნობის ფურცელს" თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ რომ საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ვინმე, ალელი მედავითნის სტატიას "ბატონყმობის ნაშთი ქალ-კაცა", სადაც მოთხრობილია ზემო ქართლის მცხოვრებ ქალზე, რომელიც კაცად ბატონყმობის უკუღმართ ყოფას უქცევია: "მდინარე ფრონეს პირზედ სცხოვრობდა მებატონე ხ-ძე, რომელსაც ემსახურებოდა, თურმე, შვიდის წლიდგან, ერთი გლეხის კობერიძის ასული, ქეთევან. ქეთევანი ყოფილა თვალათ და ტანათ საშუალი ქალი და ამასთანავე ერთგული მოსამსახურე". სულ პატარა დაობლებულა, მისი და-ძმა კი სხვა ბატონს წაუყვანია.
რომ წამოზრდილა და ჭკუაში ჩავარდნილა, თავისი ყოფა არ მოსწონებია და ბატონს გაქცევია, მაგრამ უპოვნიათ და უკან დაუბრუნებიათ. მსგავსი რამ რამდენჯერმე გაუმეორებია და დევნით გაბეზრებულ ბატონს ქეთევანი იმერეთის აზნაურისთვის 20 თუმნად მიუყიდნია. იმერელი აზნაური მოსამსახურე მონად ამუშავებდა თურმე გოგონას. დიდი ჯაფა და წვალება რომ ვეღარ აუტანია უკვე "ოცდა ხუთის წლის სისხლ სამსე ქალს", ბატონისთვის შეუბედავს: "უფალო ბატონო! ან თავი დამახსნევინე ფულით, ვიშოვნი სადმე და მოგართმევ და ან ხანჯლით მომკალი, რომ ამ ტანჯვას მოვშორდე; უკეთუ ამ ორ თხოვნას არ შემისრულებთ, მე თვით დავიხრჩობ თავს მდინარე ძირულაშიო".
ბატონს წაუყრუებია და დაუტუქსავს კიდეც, ამიტომ ქეთევანს ნაცადი ხერხისთვის მიუმართავს და გამოპარულა. ბორჯომის ხეობაში მეტივეებს შეხვეწნია, ერთი ხელი კაცის სამოსი მომეცითო. "იმათაც შეცოდებიათ, ზოგს ქუდი მიუცია, ზოგს ჩოხა, ზოგს ახალუხი, ზოგს სარტყელი და საჩქაროთ გამოწყობილა მეტივურ ტანისამოსში, თმის ნაწნავებიც მაშინვე მოუჭრია და მტკვრისთვის მიუბარებია, სანამ ისევ ქალობა მერგებოდესო, გაკრეჭილ თავზედ დაუხურავს კოხტა ქუდი, სახელათ თედო გადურქმევია, რომელსაც დღესაც ეძახიან; ჩარეულა ტივზედ მეტივეებთან და გაჰყოლია თბილისისაკენ ტივზედ სამუშაოდ"...