როგორ გავარჩიოთ და რა უნდა გავაკეთოთ, თუ ყალბი ფული შემოგვაპარეს - ეროვნული ბანკის ექსპერტის რჩევები მოქალაქეებს

როგორ გავარჩიოთ და რა უნდა გავაკეთოთ, თუ ყალბი ფული შემოგვაპარეს - ეროვნული ბანკის ექსპერტის რჩევები მოქალაქეებს

ყალბი ფულის შემოპარებისგან დაცული არავინაა, თუმცა რამდენიმე რჩევას თუ გავითვალისწინებთ, ადვილად შევძლებთ მივხვდეთ, ფული ყალბია თუ არა.

როგორც BPN-თან საუბრისას ეროვნული ბანკის ფულადი ნიშნების ექსპერტი ლიკა ვერულაშვილი ამბობს, არსებობს სამი კატეგორიის დამცავი ნიშანი. ექსპერტის თქმით, პირველი კატეგორიის დამცავი ნიშნები განკუთვნილია მოსახლეობისთვის, რაც ნიშნავს, რომ არ საჭიროებს შეიარაღებულ თვალს და ადამიანი მხედველობითა და შეგრძნებით ამოიცნობს მათ. მეორე კატეგორიის დამცავი ნიშნები განკუთვნილია მათთვის, ვისაც ფულთან შეხება ხშირად აქვს. ეს იქნება სუპერმარკეტის, კომერციული ბანკის ან ნებისმიერი სალაროს მუშაკი. ამ დროს მოლარეები სპეციალურ ხელსაწყოებს იყენებენ. მესამე კატეგორიის დამცავი ნიშნები კი უფრო ლაბორატორიულ ჩარევებს საჭიროებს და ასეთი დამცავი ნიშნები ძირითადად ექსპერტებისათვის გამოიყენება.

- რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა იმისათვის, რომ არ დაზარალდნენ და ყალბი ფულის შეპარების მსხვერპლი არ გახდნენ?

- აუცილებელია ყველა ქვეყნის მოქალაქემ იცოდეს პირველი კატეგორიის დამცავი ნიშნები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი და ფართო მოხმარებისაა. მაგალითად, ერთ-ერთი დამცავი ნიშანი არის ვერტიკალური დამცავი ძაფი, რომელიც ზედაპირზე ყურებისას არ ჩანს, მაგრამ შუქზე გახედვისას გამოჩნდება. დამცავი ნიშანია ჰოლოგრამაც. მაგალითად 10, 50 და 100-ლარიანებზე ვერცხლისფერი ჰოლოგრამაა გამოსახული, ქაღალდის ზედაპირიდან სიღრმეშია ჩასული და მექანიკურად ერთმანეთისგან ვერ განვაცალკევებთ. ფიზიკურად რომ ვეცადოთ, ქაღალდს დავაზიანებთ და ჰოლოგრამას ვერ ავაძრობთ. დღეს უკვე იყიდება ჰოლოგრამების შესაფუთი საშუალებები და თუ მას დავაკრობთ, ადვილად მივხდებით, რომ დაკრობილია, იმიტომ რომ ეს ფოლგა წებოსთან რეაქციაში არ შედის და ჰერმენტულად არ ემაგრება, უბრალოდ, მალევე ძვრება. პირველი კატეგორიის დამცავ ნიშნებს განეკუთვნება ბანკნოტის რელიეფურობაც. გარკვეული სახის წარწერები და გამოსახულება რელიეფურია.

მაგალითად, ლარის ბანკოტის შემთხვევაში, წარწერა - საქართველო, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი და ბორჯღალი რელიეფურია და როდესაც ხელს გავუსვამთ, ეს წარწერები შეიგრძნობა. ასევეა ფარული გამოსახულებაც. მაგალითად 20-ლარიანზე, ილია ჭავჭავაძის კოსტიუმზე, როდესაც ამ ფონს დახრის კუთხით შევხედავთ, გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 20. პირველ კატეგორის ნიშნებში შედის ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვისაც. ეს ნიშანი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მხედველობა შეზღუდული აქვს და ვხედავთ, რომ სხვადასხვა ნომინალზე სხვადასხვა გეომეტრიული გამოსახულებაა. ეს გამოსახულებები რელიეფურია და როდესაც ხელს გადავუსვამთ, მას ვიგრძნობთ. მაგალითად ოცლარიანზე არის მრგვალი გამოსახულება, ათლარიანზე მთვარის ფორმის

გამოსახულებაა და სუსტი მხედველობის მქონე ადამიანი ამ ნიშნებზე ხელის გადასმით არჩევს, თუ რა ნომინალია.

- როგორ ხდება მეორე და მესამე კატეგორიის ნიშნების გარჩევა?

-მეორე კატეგორიის დამცავ ნიშნებს გარკვეული სახის ხელსაწყოები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო ულტრაიისფერი ნათებაა. ბანკნოტს შედებთ ულტრაიისფერი სხივის ქვეშ და გაჩნდება ფოსფორისცენტრული კვადრატი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის ქვეშ, ასევე ნათდება ბოჭკოებიც. სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტზე სხვადასხვა ფერის ბოჭკოები ნათდება. მაგალითად, ევროზე - წითელი და ყვითელი, ლარზე კი ყვითელი, მწვანე და ცისფერი. ბანკნოტის ქვედა მარცხენა კუთხეში არის სერიული ნომერი და როდესაც მას ულტრაიისფერ დეტექტორში შევიტანთ, ქვედა მარცხენა სერიული ფოსფორისფრად გაანათებს, ზედა კი ისევ შავი დარჩება. რაც შეეხება მესამე კატეგორიის ნიშნებს, ის უფრო გასაიდუმლოებულია იმიტომ, რომ ფულს თავისი სპეციფიურობა აქვს, როგორი რელიეფურობა უნდა ჰქონდეს ან დამცავ ძაფის მანძილებს შორის რამდენი უნდა იყოს დაშორება, ამას უკვე მიკროსკოპული აპარატურა სჭირდება.

-ყველაზე ხშირად რომელი ბანკნოტი ყალბდება?

-სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ხშირად ის ნომინალი ყალბდება, რომელზეც ყველაზე დიდია დატვირთვა, ანუ დაბალი ნომინალი, მაგრამ მუდმივად ასე მაინც არ არის. მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, როდესაც დიდი რაოდენობით რომელიმე ნომინალი გაყალბდება, გაძლიერებულად ერთვება ძალოვანი სტრუქტურები, მიაკვლევენ დამნაშავეების ჯგუფს, ფაქტიც აღიკვეთება და გაყალბებულ ნომინალზე სტატისტიკა იკლებს, მაგრამ შემდეგ გაყალბება სხვა ნომინალზე მოიმატებს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ნომინალს უფრო ხშირად აყალბებენ. გაყალბების მხრივ რაღაც პერიოდი ერთი ნომინალი ლიდერობს, შემდეგ სხვა იკავებს ადგილს, მაგრამ ძირითადად დატვირთვა იმ ნომინალზე მოდის, რომელიც მიმოქცევაში უფრო ხშირად არის. ჩვენ შემთხვევაში 100 და 200-ლარიანი ისე ხშირ ხმარებაში არ არის და მისი გასაღებაც პრობლემაა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია